გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს რაგბის კავშირსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.

მემორანდუმს ხელი რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა მოაწერეს.

პარტნიორობა მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ზომების შესახებ ინფორმირებას, ბავშვების ძალადობისგან დაცვას, ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაშიც ჩართულები იქნებიან ბორჯღალოსნები.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობენ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, კანონთა კონფლიქტში მყოფ ბავშვებს რეგულარულად უტარდებოდათ რაგბის გაკვეთილები, რამაც ხელი შეუწყო მათ რეინტეგრაციას და რეაბილიტაციას.

პარტნიორობის აღსანიშნავად ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასზე“ სპეციალური პირბადეებით გაემგზავრებიან, რომელზეც გაეროს ბავშვთა ფონდის ლოგოა გამოსახული.

„დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის და ორიგინალური საჩუქრებისთვის. ყველას მოგიწოდებთ გაიკეთოთ პირბადე და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი მიზანი და სოციალური პასუხისმგებლობაა ბავშვებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, რაშიც დიდი გამოცდილება გვაქვს და მზად ვარ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. ასევე მნიშვნელოვანია კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა და მზად ვართ ვითანამშრომლოთ UNICEF-თან ბავშვებისა და მოზარდების ინფორმირების კუთხით“ – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.

„გაეროს ბავშვთა ფონდისთვის სპორტი უფრო მეტია, ვიდრე გართობა. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვების განვითარებისთვის. რაგბი ასწავლის ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თანადგომა და ურთიერთპატივისცემა. აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ამცირებს დანაშაულის რისკს ახალგაზრდებში. სწორედ ამიტომაა ჩვენთვის ღირებული რაგბის კავშირთან თანამშრომლობა. ვამაყობ, რომ ვართ ბორჯღალოსნების ოფიციალური პარტნიორი „შემოდგომის ერთა თასზე“ და წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს გუნდს“ – თქვა ღასან ხალილმა.

ფოტოები: გოგიტა ბუხაიძე და ლელი ბლაგონრავოვა