ბურთები და სავარჯიშო ინვენტარი ბავშვებისთვის

3 აპრილს „ხვამლი არენაზე“ დიდი სარაგბო ზეიმი იყო. მუხიანში მდებარე კომპლექსმა 13, 11 და 9-წლამდე მორაგბეთა ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც 1000-მდე ბავშვი იღებდა მონაწილეობას.

ეს ფესტივალი წინამორბედებისგან განსხვავებული იყო, რადგან ბავშვებს განსაკუთრებული სტუმრები ეწვივნენ – ვეტერანი ბორჯღალოსნები – გია ლაბაძე და დავით კაჭარავა. მათ კლუბებს საჩუქრად გადასცეს „მაკრონის“ სათამაშო ბურთები და სავარჯიშო ინვენტარი, ასევე ორენოვანი (ქართულ-ინგლისური), 100-გვერდიანი ფერადი სარაგბო ჟურნალის, Rugby World Georgia-ს პირველი ნომერი.

ბაჩო ხურციძე (რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი): „დღეს რაგბის ზეიმია და სწორედ ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი – ბავშვთა რაგბის განვითარება არა მხოლოდ კლუბების და საფესტივალო რაგბის, არამედ სასკოლო რაგბის დონეზეც. დღეს ბავშვებს საჩუქრის სახით გადავეცით ბურთები და სხვადასხვა სახის სავარჯიშო ინვენტარი და მსგავსი დახმარებები რა თქმა უნდა მომავალშიც გაგრძელდება. ბავშვთა რაგბი ქართული რაგბის ფუნდამენტია და ჩვენი მიზანია, ფესტივალების მასშტაბები და დონე კიდევ უფრო გაიზარდოს“.

გია ლაბაძე (ვეტერანი ბორჯღალოსანი, ბავშვთა რაგბის განვითარების კურატორი): „ყველა ფესტივალი ბავშვებისთვის არის დღესასწაული, გართობა და განვითარება. ჩვენი მიზანია, რომ ამ დღესასწაულს იზიარებდნენ ამ ბავშვების მშობლები, დედმამიშვილები და მეგობრები. კმაყოფილი ვარ, რადგან დღევანდელ ფესტივალში ბევრი გუნდი და შესაბამისად, ბევრი ბავშვი იღებს მონაწილეობას. დღევანდელი დღე რაგბის კავშირმა კიდევ უფრო გაალამაზა. გუნდები უკვე ორი წელია ბურთებს ელოდებიან და დღეს მათ საჩუქრად გადაეცათ ბურთები, სავარჯიშო ინვენტარი, ასევე ჟურნალ Rugby World Georgia-ს პირველი ნომერი, რომელიც მათ სარაგბო განათლებას შეუწყობს ხელს“.

დავით კაჭარავა (ვეტერანი ბორჯღალოსანი, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე): „ხვამლი არენაზე“ ნამდვილი ზეიმია, რადგან სამ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება ბავშვთა ფესტივალი, რომელშიც 30-მდე კლუბი იღებს მონაწილეობას და ზოგიერთი მათგანი რამდენიმე გუნდითაა წარმოდგენილი. ეს ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მნიშვნელოვანია, ფესტივალები მთელი საქართველოს მასშტაბით გავშალოთ. კლუბებს გადავეცით საჩუქრები, მეტი სტიმული მივეცით, მწვრთნელებს კი გადავუხადეთ მადლობა, რადგან უმნიშვნელოვანესია ბავშვებისთვის იმ ფასეულობებისა და ღირებულებების გაზიარება, რისი მატარებელიც რაგბია“.

ნიკა ჩიტალაძე (საფესტივალო რაგბის ხელმძღვანელი): „დღეს ღირშესანიშნავი დღეა, რადგან ბავშვები გავახარეთ საჩუქრებით – ახალი ბურთებით და სავარჯიშო ინვენტარით. მათ ასევე დაურიგდათ ახალი სარაგბო ჟურნალის, Rugby World Georgia-ს პირველი ნომერი. ზოგადად ფესტივალები მარტის დასაწყისში იწყება, თუმცა წელს უამინდობის გამო ორი კვირა გაგვიცდა და გრაფიკს რომ დავეწიოთ, ორი კვირის განმავლობაში ფესტივალები ოთხივე ასაკში ჩატარდება. გაზაფხულის ფესტივალები დატვირთულია, რადგან 15-წლამდე მორაგბეებს ელით საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი და დასკვნითი ეტაპები. გასულ წლებში პანდემიამ პრობლემები შეგვიქმნა და ახლა ჩვენი მიზანია, რომ საფესტივალო რაგბში ჩართული ბავშვების რაოდენობა, რომელიც 2 წლის წინ 6 ათასს აღწევდა, ჯერ ძველ ნიშნულს დავუბრუნოთ და შემდეგ გავაორმაგოთ“.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე