ბორჯღალოსნები | შემტევი რაგბი უნდა ვაჩვენოთ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი და მორაგბეები გულშემატკივრებს პირდებიან, რომ 1 თებერვალს ლაღ და შემტევ რაგბს იხილავენ.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, 18 საათზე რუმინეთს „დინამო არენაზე“ ვმასპინძლობთ. ტრადიციულად, შეხვედრამდე ორი დღით ადრე, გუნდმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.

ვარჯიშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა მცირე კომენტარი გააკეთეს:

ლევან მაისაშვილი: „ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ილუზია იმისა, რომ მოკლე პერიოდში რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა არავის გვქონდა. ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა, რომ ვაჩვენოთ აგრესიული და შემტევი რაგბი. განვლილი მსოფლიო თასის შემდეგ, ყველა მორაგბეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს და ვეცდებით გულშემატკივარს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. როგორც წესი, პირველ მატჩს ყოველთვის ახლავს ტექნიკური წუნი და ვცდილობთ შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ყველას აქვს შეგრძნება, რომ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე იაპონიაში გამოჩნდა და ამის დამტკიცებას ვეცდებით. ეს მარტივი არ იქნება, რადგან ფავორიტს ყველა განსაკუთრებული მოტივაციით ეთამაშება, თუმცა ეს ჩვენთვის გამოწვევაა“.

შალვა მამუკაშვილი: „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნაცნობი მეტოქეები გვყავს, თუმცა რუმინეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს და მისგან გარკვეულ სიახლეებს ველოდებით. ჩვენი მიზანია, რომ კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე მოვახდინოთ. ვეცდებით ვაჩვენოთ შემტევი, სანახაობრივი თამაში, რასაც დიდი ხანია ჩვენგან გულშემატკივარი ელის“.

დავით კაჭარავა: „საფრანგეთის 3-დღიანი შეკრება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოკლე პერიოდში მატჩისთვის სრულფასოვანი მომზადება ძალიან რთულია. მსოფლიო თასის შემდეგ პირველ შეხვედრას ვატარებთ, თანაც თბილისში, „დინამო არენაზე“ და ვფიქრობ მაყურებელი მრავლად მოვა. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ“.

გელა აფრასიძე: „საფრანგეთში სამდღიანი შეკრება გვქონდა, სადაც ჩვენი სისტემების დახვეწაზე ვიმუშავეთ. მსოფლიო თასის შემდეგ, ყველას მეტის მოლოდინი გვაქვს და ვეცდებით შაბათს გულშემატკივარს სტრესი მოვუხსნათ“