ბორჯღალოსნები | სანაკრებო სეზონის სტარტზე

გოგიტა ბუხაიძის ფოტოები

ბორჯღალოსნების 2020 წლის პირველ მატჩამდე 23 დღე დარჩა. ტრადიციულად, ჩვენი გუნდი წლის დასაწყისში რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება და ტიტულის მე-12-ედ მოპოვებას ეცდება.

5-თვიანი შესვენების შემდეგ, ბორჯღალოსნები საკუთარი ქომაგის წინაშე პირველად 1 თებერვალს, „დინამო არენაზე“ ითამაშებენ, მეტოქედ კი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უმთავრესი კონკურენტი, რუმინეთის ნაკრები.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის ბორჯღალოსნები იანვრის ბოლოს შეიკრიბებიან და ნაკრების გაფართოებული შემადგენლობაც ამ დროის გახდება ცნობილი. მანამდე, ტრადიციულად, საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები და ნაკრების კანდიდატები კვირაში რამდენჯერმე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე იკრიბებიან და ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ.

ისტორია და მონაგარი

რაგბი ევროპის 6-გუნდა ჩემპიონატი 2000 წლიდან იმართება. 2016 წლამდე მას ერთა თასი ეწოდებოდა, მას შემდეგ კი რაგბი ევროპის ჩემპიონატად გადაკეთდა. ტურნირმა რამდენჯერმე შეიცვალა ფორმატი. თავიდან გამარჯვებული ერთი წლის შედეგების მიხედვით ვლინდებოდა, მერე გამარჯვებულის გამოსავლენად ორი წლის ჯამი ითვლებოდა, 2010 წლიდან კი, კვლავ ერთწლიან ციკლს დაუბრუნდა.

შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონი 17-ჯერ გამოვლინდა და აქედან 11-ჯერ მთავარი ჯილდო საქართველომ ჩაიბარა, 5-ჯერ რუმინეთმა და ერთადერთხელ პორტუგალიამ (2004 წელს). აღსანიშნავია, რომ ამ წელს ჩვენს გუნდს ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა.

2011 წლიდან ბორჯღალოსნები ტურნირის უმთავრეს ფავორიტებად იქცნენ და 9 გათამაშებიდან 8 პირველ ადგილზე დაასრულეს, აქედან 6-ჯერ ზედიზედ (2017 წელს ჩემპიონი რუმინეთი გახდა), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. განვლილ 20 წელიწადში ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპაზე ზუსტად 100 მატჩი აქვთ ჩატარებული და მათგან 83-ში გამარჯვება მოიპოვეს, 4 კი ფრედ დაასრულეს.

2013-2017 წლებში ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 23 შეხვედრა მოიგეს, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. ჩვენი გუნდი ლიდერობს საკუთარ მოედანზე მიჯრით მოგებული მატჩების რაოდენობითაც. სერია 2009 წელს დაიწყო და დღემდე 29-მატჩს ითვლის.