ბორჯღალოსნები | ნაცნობი მსაჯები ნოემბერში

2022 წლის ნოემბერში ბორჯღალოსნები სამ ერთმანეთზე მაგარ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს შინ და ერთს კარდიფში.

მსოფლიო რაგბმა მომავალი შეხვედრებისთვის მსაჯთა ბრიგადები დანიშნა. აღსანიშნავია, რომ სამივე მოედნის მსაჯს საქართველოსთან შეხება აქამდეც ჰქონია.

6 ნოემბერს ბორჯღალოსნები ურუგვაის დაუხვდებიან, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე ამერიკა1-ის სტატუსით გავიდა. შეხვედრის მთავარი მსაჯი ახალ ზელანდიელი პოლ ვილიამსია, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და ფიჯის შეხვედრა იმსაჯა. მას კიდეებიდან ინგლისელი ენტონი ვუდტორფი და კანადელი თათალ შოდრი დაეხმარებიან. ზელანდიელი კრის ჰარტი ვიდეო-რეფერია.

12 ნოემბერს საფრანგეთის მსოფლიო თასზე ოკეანეთი1-ის სახელით მოთამაშე სამოა გვეწვევა. აქ მთავარი მსაჯი ავსტრალიელი დეიმონ მერფია, რომელმაც შარშან ნოემბერში საფრანგეთი-საქართველო იმსაჯა. კიდეებზე ფრანგი ლუდოვიკ კეა და კანადელი თათალ შოდრი იდგებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი იტალიელი სტეფანო პენნეა.

19 ნოემბერს უელსს კარდიფში, ლეგენდარულ „პრინციფალითიზე“ ვერკინებით და მთავარი მსაჯი იტალიელი ანდრეა პიარდი იქნება, რომელც 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოში იმყოფებოდა და ბორჯღალოსნების თამაშებზე აქამდეც არაერთხელ ყოფილა, ძირითადად გვერდით მსაჯად, 2021 წელს კი კალინინგრადში საქართველო-რუსეთი იმსაჯა (23:6). პიარდს ფრანგი პიერ ბროშე და იტალიელი ჯანლუკა გნეკი დაეხმარებიან, ხოლო ახალ ზელანდიელი ბრენდონ პიკერილი, რომელმაც 10 ივლისს ბათუმში, იტალიასთან ისტორიული გამარჯვებისას გვიმსაჯა, ამჯერად ვიდეო-რეფერია.