ბორდოში ექვსი ერის ეგიდით

14 ნოემბერს ბორდოში, ბორჯღალოსნები ‘ლე ბლეს’ წინააღმდეგ ექვსი ერის მიერ ორგანიზებული „შემოდგომის ერთა სერიების“ ეგიდით ითამაშებს.

შარშანდელი „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, სადაც წვეულ გუნდებს შორის საქართველო და ფიჯი იყვნენ, ექვსმა ერმა მსგავსი პროექტის განხორციელება წელსაც განიზრახა და 20 თამაშის ორგანიზატორად მოგვევლინა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ თამაშებს არ აქვს ტურნირის სახე და არ გამოვლინდება გამარჯვებული.

ექვსი ერის წვეულები საქართველოსთან ერთად არიან ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა, იაპონია, ფიჯი, ტონგა და ურუგვაი. „შემოდგომის ერთა სერიები“ 30 ოქტომბერს ორი შეხვედრით დაიწყო და 21 ნოემბერს დასრულდება (ექვსი ერის ორგანიზებული შემოდგომის ერთა სერიების სრული განრიგი იხილეთ აქ ).

„მსოფლიო რაგბთან ერთად, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ექვს ერს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის. „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, ზედიზედ მეორე წელია გვიწვევენ უძლიერესი შემადგენლობის ტურნირზე, რომელიც მხოლოდ მსოფლიო თასს თუ ჩამოუვარდება, რაც ქართული რაგბისთვის დიდი პატივი და დაფასებაა. ამავდროულად, ეს სწორედ ისაა, რისთვისაც თაობები წლების განმავლობაში იღწვოდნენ, მოედანსა თუ მის გარეთ ოფლსა და სისხლს ღვრიდნენ, ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და დარწმუნებული ვარ, მსგავსი მაღალი დონის თამაშები კიდევ უფრო სხვა სიმაღლეებზე აგვიყვანს“.

„სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ქართული რაგბი სულ უფრო ხშირად ჩნდება „სარაგბო მონსტრების“ გვერდით. ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან მატჩი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს ნაწილი იყო და არა რიგითი ტესტი, ახლა ექვსი ერის ორგანიზებულ ტურნირში ვთამაშობთ, რაც უპრეცედენტოა ქართული რაგბისთვის, თუმცა ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის“.

„სწორედ ამ პოზიციების გამყარებას და კიდევ უფრო სწრაფ წინსვლას ემსახურება ის განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმები და პროექტები, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა თუ დაიგეგმა. სასიხარულოა, რომ როგორც მსოფლიო რაგბში, ასევე ექვს ერსა და სხვა წამყვან სარაგბო ორგანიზაციებში, შესაბამისად აფასებენ ჩვენი და საქართველოს მთავრობის მცდელობებს, შევუერთდეთ წამყვან სარაგბო ერებს და ამაში აუცილებლად დაგვეხმარება 100 მოედნის პროექტი, 10 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტი, ‘შავი ლომი’ და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შედეგებზე უმოკლეს პერიოდში შესაბამისად აისახება“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

ცენტურიონი, ბორჯღალოსანთა კვართით ყველაზე მეტი, 122 მატჩის ჩამტარებელი დავით კაჭარავა, თანაგუნდელებთან ერთად მთელი კარიერის განმავლობაში ოცნებობდა მსგავსი დონის თამაშებში მონაწილეობაზე და ახლა, როგორც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ექვსი ერის გადაწყვეტილებას მიესალმება:

„მნიშვნელოვანია, რომ ქართული რაგბი ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და ეს თამაშები ამის დასტურია. ბორდოში, საფრანგეთთან ისეთი დიდი თამაში გვაქვს, როგორზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდით და სასიხარულოა, რომ ეს დროც მოვიდა. საფრანგეთთან შეხვედრა ექვსი ერის ეგიდით გაიმართება, მერე კი ფიჯის ესპანეთში ვერკინებით, რადგან საქართველო კოვიდ-პანდემიის გამო წითელ ზონაშია და თამაშებს ამის გამო ვერ ვმასპინძლობთ. კარგია, რომ წლიდან წლამდე უმაღლესი დონის შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა გვეძლევა. ჩვენი მიზანი ელიტის კარის შეღება და 12 მოწინავე ნაკრებს შორის დამკვიდრებაა, რისთვისაც მსგავსი მატჩები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

უმაღლესი დონის რაგბი ყველა ტელევიზორში

მნიშვნელოვანია, რომ რაგბის კავშირს საუკეთესო ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ექვსი ერის პარტნიორ კომპანია pitch international-თან და ექსკლუზიური შეთავაზებით მიიღო „შემოდგომის ერთა სერიების“ 15 მატჩის ტელეტრანსლირების უფლება. რაგბის ქომაგმა რაგბი ტვ-ზე უკვე იხილა ერთი თამაში და წინ კიდევ 14 დაუვიწყარი შეხვედრა ელის (მატჩების განრიგი იხილეთ ქვევით).

რაგბის კავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რაოდენობისა და ხარისხის თამაშები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს გულშემატკივრისთვის და კავშირმა ამ მიმართულებითაც იზრუნა. 12 ნოემბრიდან „რაგბი ტვ“ სილქნეტის საბაზისო პაკეტს დაემატება და შესაბამისად, მაღალი დონის თამაშების ხილვა უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი, რაც თავის მხრივ რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„მინდა მადლიერება გამოვხატო pitch international-ისა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორ სილქნეტის მიმართ – პირველი ექსკლუზიური, საუკეთესო პირობებით გვაწვდის სიგნალს, მეორე კი ამ თამაშების ფართო მასებისთვის გაცნობაში გვეხმარება. ეს ხელს შეუწყობს რაგბის პოპულარიზაციას, მისი რაობის უკეთ შეცნობას და აამაღლებს საერთო სტანდარტს, მოთხოვნას. სწორედ ასეთი თამაშების ფონზე, ახალ და განახლებულ მოედნებზე გაიზრდება ის თაობა, რომელიც ქართულ რაგბს სულ სხვა სიმაღლეებზე აიყვანს“ – ამბობს ტყემალაძე.

„ტელევიზია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ამა თუ იმ სფეროს და ამ შემთხვევაში რაგბის პოპულარიზაციისთვის. კარგია, რომ დიდი 10-ის შემდეგ რაგბი ტვ ამ თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემს და დიდი მადლობა სილქნეტს, რომელმაც რაგბი ტვ ძირითად პაკეტს დაამატა და ამით რაგბის ქომაგებს ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა“ – დაამატა კაჭარავამ.

აქვე გეტყვით, რომ 20 ნოემბერს საქართველოსა და ფიჯის შორის გასამართი მატჩის ტელეტრანსლიაცია „რაგბი ტვ“-ზე შედგება. ის ქვემოთ ჩამოთვლილ სიაში იმის გამო ვერ მოხვდა, რომ ექვსი ერის მიერ ორგანიზებული „შემოდგომის ერთა სერიების“ ეგიდით არ ტარდება.

რაგბი ტვ-ზე სანახავი შემოდგომის ერთა სერიების მატჩები

6 ნოემბერი

ირლანდია – იაპონია

უელსი – სამხრეთ აფრიკა

საფრანგეთი – არგენტინა

7 ნოემბერი

შოტლანდია – ავსტრალია

13 ნოემბერი

შოტლანდია – სამხრეთ აფრიკა

ირლანდია – ახალი ზელანდია

ინგლისი – ავსტრალია

14 ნოემბერი

საფრანგეთი – საქართველო

უელსი – ფიჯი

20 ნოემბერი

შოტლანდია – იაპონია

ინგლისი – სამხრეთ აფრიკა

უელსი – ავსტრალია

საფრანგეთი – ახალი ზელანდია

21 ნოემბერი

ირლანდია – არგენტინა