ბოლო წლებში რუმინეთს ყველაზე ძლიერი ნაკრები ყავს – მერაბ შარიქაძე

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში რუმინეთს საუკეთესო შემადგენლობა ყავს და ბუქარესტში მძიმე თამაშის მოლოდინშია.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა 12 მარტს, ჩვენი დროით 19:30 საათზე დაიწყება. ეს თამაში ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის ეგიდით იმართება და მის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს ესპანეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებებისთვის, რომლებიც საფრანგეთის მეორე საგზურისთვის იბრძვიან.

„ბოლო წლებში რუმინეთს ყველაზე ძლიერი ნაკრები ყავს და მძიმე თამაში გვექნება. მათ არაერთი უცხოელის ნატურალიზება მოახდინეს და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერეს. მძიმე და ძალისმიერი გუნდია, რომელსაც შეუძლია ქულების აღება. მიუხედავად ყველაფრისა, გვაქვს იმედი, რომ განსაკუთრებით ასეთი მძიმე სიტუაციის ფონზე, შევძლებთ და ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ“ – ამბობს მერაბ შარიქაძე.

13 მარტს, საქართველოს დროით 15:45 საათზე ესპანეთი პორტუგალიას მადრიდში დაუხვდება. გაუქმდა გუშინ გასამართი მატჩი რუსეთსა და ნიდერლანდებს შორის. რუსეთს შეუნარჩუნდა ბოლო სამ მატჩამდე დაფიქსირებული შედეგები, საქართველოსთან, ნიდერლანდებთან და პორტუგალიასთან კი, წაგებები ჩაეთვალა.