ავთო გიორგაძე იუბილარია!

ცნობილ ქუთაისელ მორაგბე ავთო გიორგაძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. ავთო გიორგაძემ რაგბის თამაში რამაზ სვანიძის თავკაცობით 1978 წელს დაიწყო, 1980 წლიდან კი რიონისპირელთა მთავარ გუნდში, ‘სახმშენის’ დამრიგებელმა შაკო ქურციკიძემ უხმო. გიორგაძე ‘სახმშენის’ ღირსებას 6 სეზონის მანძილზე წარმატებით იცავდა და ქართული რაგბის განვითარებაში საკმაო წვლილი აქვს შეტანილი.

ბურჯის პოზიციაზე მოთამაშე ავთო გიორგაძემ წარმატებას ჯერ კიდევ ჭაბუკობის ხანაში მიაღწია, როცა ქუთაისის ახალგაზრდული გუნდის რიგებში საბჭოეთის ასაკობრივ პირველობაზე 2-ჯერ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ‘სახმშენის’ შემადგენლობაში კი გიორგაძე სსრკ-ს პირველობათა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა და სპორტის ოსტატის საპატიო წოდებითაც დაჯილდოვდა.

‘სახმშენში“ თამაშის პარალელურად ავთო გიორგაძე საქართველოს ჩემპიონატებში რეგულარულად მონაწილეობდა და მშობლიური ქალაქის გუნდთან ერთად ტიტული არაერთგზის მოირგო. ერთხელ კი რიონისპერელებს საქართველოს სპარტაკიადის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დიდი სამსახური გაუწია. ასევე აღსანიშნავია ლელობურთის განვითარებაში ავთო გიორგაძის შეტანილი წვლილი. ავთო გიორგაძემ ქართულ სპორტის უხნეს სახეობაში საქართველოს პირველობა 2-გზის მოიგო.

1986 წელს ავთო გიორგაძე ახლადშექმნილ ქუთაისის ‘გელათში’ გადაბარგდა და მოქმედი სპორტმენის კარიერის დასრულებამდე, 1995 წლამდე რიონისპირელთა მეორე გუნდის აღორძინების საქმეში დიდი როლი ითამაშა.

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად სარაგბო თემი ულოცავს ბატონ ავთო გიორგაძეს 60 წლის იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ქართული რაგბის მრავალი წარმატებით გახარებას.