ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ დამაჯერებელი რევანშით ლიდერობა შეინარჩუნა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ დამაჯერებელი რევანშით ლიდერობა შეინარჩუნა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის მე-12 ტური, მესამე მასივში ‘ლელო’-‘ხვამლის’ საკულტო შეხვედრით დაიწყო. ლიდერთა სამეულში მყოფი გუნდების პირველი რკენა მუხიანელებს შინ ბონუსით ქონდათ მოგებული და რატი ურუშაძის ბიჭები პრინციპულ მეტოქესთან მორიგი წარმატების შემთხვევაში, ჩემპიონს ლიდერობას აკარგვინებდნენ და საკუთრივ რეგულარული სეზონის მოგების გარკვეულ შანსსაც ინარჩუნებდნენ. ჩემპიონი კი სეზონში ერთადერთი განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანშის აღებასა და სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩენას ეშურებოდა.

შეხვედრა ჩემპიონის კარნახით და სრული უპირატესობით წარიმართა. პაატა მაისურაძის შეგირდები თამაშის მაღალი ორგანიზაციით გამოირჩნენ, დროულად ჯგუფდებოდნენ და სტატიკაშიც საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ. პირველ ნახევარში პირქარში თამაშის მიუხედავად, ‘ლელომ’ კარგად ჩამოყალიბებული მოლით 3 უპასუხო ლელოს დადება მოახერხა და მეტოქე მგეზავ ნიკა ნათენაძის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერა. ‘ხვამლი’ უპირატესად ფეხით თამაშს ეშურებოდა, თუმცა ‘ლელოს’ ჩაბეტონებულ დაცვას ვერაფერი მოუხერხა. მეორე ტაიმში ჩემპიონმა უპირატესობა გაიმყარა და მონაგარს კიდევ 2 ლელო წაუმატა. ‘ლელოს’ კვაჭი მიხეილ ხახუბია „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა. ლელოს დადება ლიდერის კაპიტანმა გიორგი ხაინდრავამ და მარბიელმა ლუკა საღინაძემაც მოახერხეს, ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა კი ძლიერ ქარში 3 გარდასახვა გამოიყენა – 31:3.

‘ლელომ’ სეზონში მოპოვებული მე-11 გამარჯვებითა და 51 საცხრილო ქულით ლიდერობა შეინარჩუნა და მდევარ ‘აიას’ კვლავინდებურად 2 ქულით უსწრებს. ‘ხვამლს’ კი სეზონში განცდილი მე-4 მარცხი მეოთხე პოზიციამდე დაქვეითების ფასად დაუჯდა. რეგულარული სეზონის გამარჯვებული დიდი ალბათობით მორიგ ტურში, ‘აია’-‘ლელოს’ შეხვედრაში გაირკვევა.

„რაგბი პლატოზე“, პლეი ოფს მიღმა დარჩენისა და „ვერცხლის“ ლიგაში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე მყოფმა ვიცე-ჩემპიონმა ‘აკადემიამ’ მეორე ადგილზე მყოფ ბრინჯაოსმედალოსან ‘აიას’ უმასპინძლა. რიონისპირელები უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდნენ და „მხატვრებს“ რაგბის ყველა კომპონენტშიც აღემატებოდნენ. დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად სტუმრები ორგანიზებულად, მწყობრად მოქმედებდნენ და ვიცე-ჩემპიონს სტატიკაშიც ჯაბნიდნენ.

‘აიამ’ მასპინძლებს ტაიმებში 2-2  უპასუხო ლელო გაუნაწილა. პირველ ნახევარში თავი რიონისპირელთა კაპიტანმა და კვაჭმა შოთა ხელაძემ და შუამარბმა ანზორ სარალიძემ გამოიჩინეს. მეორე ტაიმში ფავორიტმა უპირატესობა ბურჯების: ავთო ქიმუცაძისა და ლევან ბენდელიანის ლელოებით გაიმყარა. მოჟამული ამინდისა და სველი მოედნის მიუხედავად, ‘აიას“ შუამარბმა გიორგი მანაგაძემ ოთხივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 28:0.

„ხარები არენაზე“, ‘ბათუმი მასპინძელ ‘ხარებთან’ შეხვედრას სრულად აკონტროლებდა, თუმცა ქვემო ქართლელებმა ინდივიდუალური გარღვევებისა და თავდადების ხარჯზე ფავორიტს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მატჩის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა.

აჭარლებმა პირველი ტაიმი ბურჯ საბა სურმანიძისა და კვაჭ გიგი გოგიტიძის მოლით დადებული გარდაუსახავი ლელოების წყალობით – 10:0 მოიგეს. გააქტიურებულმა ‘ხარებმა’ მეორე ნახევარში  მარქაფადან ჩართული კვაჭის დათო ფარტენაძის ლელოს, მგეზავ დავით მაკოევისა და ნიკოლოზ ჩხიკვაძის ლელოები შეაგებეს და ანგარიშში ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირეს. ბოლო წუთებმა კვლავ აჭარელთა უპირატესობით ჩაიარა და ბათუმელთა გამარჯვება კაპიტან გიორგი ირემაძის ლელომ დააფიქსირა – 20:12. ზღვისპირელებს ოთხივე გარდასახვა გაუცუდდათ. ‘ბათუმი’ 39 ქულით ცხრილში ‘ხვამლს’ გაუტოლდა და უკეთესი პირისპირ ბალანსით მესამე ადგილზე განთავსდა. ‘ხარებმა’ 16 ქულით მე-6 ადგილზე ჩაინაცვლეს და მდევარ ‘აკადემიას’ კვლავინდებურად 1 ქულით უსწრებენ.

„ოქროს“ ჯგუფს გამოთხოვებულმა ‘წიქარამ’ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ელიტაში დარჩენაზე მებრძოლ მარნეულის ‘არმაზსთან’ პოზიტიური შედეგის მისაღწევად მცირედი დააკლდა. გარდამავალი უპირატესობით ჩავლილ თამაშში აუტსაიდერმა 3 ლელოს გატანა მოახერხა და მარბიელ ბექა ჯინჭველაძის „დუბლით“ ანგარიშში თანაფარდობა ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა.

‘არმაზმა’ ბოლოს სტატიკით იძალა. ბურჯ ნიკოლოზ ცუცქირიძისა და მღლეტელ გიორგი ლემონჯავას გატანილი ლელოებით ზემნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 24:19, რამაც ქვემო ქართლელებს 19 საცხრილო ქულით მე-5 ადგილზე დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა. მოუგებლად მყოფმა ‘წიქარამ’ კი მცირე ნუგეშად პირველობაზე მეორე სამატჩო ქულა აიღო.

„ვერცხლის“ ლიგაში კი აღმოსავლეთ ზონის გამარჯვებული და „ოქროს“ პლეი ოფის დასკვნითი მონაწილის ვინაობა ‘ყოჩები’-‘არმიას’ საპასუხო შეხვედრაში გაირკვა. პირველი შეხვედრა „არმიელებს“ 12-ქულიანი სხვაობით ქონდათ მოგებული და „რაგბი პლატოზე“ გამართული მატჩის პირველი ნახევარიც, მხტომელ გურამ ოდიკაძის ლელოსა და ჰავბეკ გიორგი ჯაშის გატანილი ჯარიმის წყალობით თავის სასარგებლოდ დაასრულეს – 8:5.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. გვარიანად გააქტიურებული ’ყოჩების’ სტატიკაში მოპოვებული უპირატესობა ბურჯმა ოთიკო ღუტაშვილმა და შუამარბმა დავით ცილიკურმა გარდაუსახავ ლელოებში ასახეს, თუმცა  ბოლო წუთებზე ‘არმიამ’ თავი კარგად დაიცვა და მასპინძლებს საერთო გამარჯვების მომტანი ლელოს დადება არ დაანება – 15:8. 2 მატჩის ჯამური შედეგით – 27:22, ‘არმიამ’ უმცროსი ჭაბუკების ელიტაში თამაშის უფლება მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა, რაც „არმიელთა“ დამრიგებლების: ლევან ჯაშისა და გიორგი ჯავახიშვილის ნაყოფიერი მუშაობის შედეგი გახლავთ. ‘არმია’, „ვერცხლის“ დონის 2-რაუნდიან ფინალში დასავლეთ ზონის გამარჯვებულ ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ დაუპირისპირდება. შეხვედრათა ჯამური შედეგი კი ლიგის გამარჯვებულთან ერთად, „ოქროს“ პლეი ოფში მეტოქეთა საკლასიფიკაციო ნომრებსაც განსაზღვრავს.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე