ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ლიდერები წინ დამაჯერებლად მიიწევენ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ლიდერები წინ დამაჯერებლად მიიწევენ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში მორიგი, მეცხრე ტურის შემდეგ ლიდერთა მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პირველობის მთავარმა ფავორიტებმა ‘აიამ’ და ‘ლელომ’ ბონუსით იმარჯვეს, რამაც რიონისპირელებს ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეუნარჩუნა. მრავალგზის ჩემპიონი ‘ლელო’ ლიდერს 1 ქულით ჩამორჩება და მესამე პოზიციაზე მყოფ ‘ბათუმს’ 11 ქულით უსწრებს. აჭარლებმა მოწინავე სამეულში პოზიცია გაიმყარეს და 2 ქვემო ქართლურ მდევარს: ‘ხარებსა’ და ‘ყოჩებს’ 9 ქულით აღემატებიან.

‘აკადემია’ მართალია მეექვსე პოზიციაზე დარჩა, თუმცა „მხატვრები“ გასავარდნ ზონას უკვე 13 ქულით დაშორდნენ და „ოქროს“ პლეი ოფს საგრძნობლად მიუახლოვდნენ. „მხატვრებს“, ‘ბათუმთან’ პირველობის სადებიუტო გადადებული შეხვედრაც რჩებათ ჩასატარებელი. კინკილა მოგებისა და 5 ქულის მქონე ‘ხვამლი’ ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილს იკავებს. მოუგებლად, ბოლო ადგილზე მყოფ მარნეულის ‘არმაზის’ საცხრილო გრაფაში კვლავაც მინუს 2 ქულაა.

„ვერცხლის“ ჯგუფებში ‘აია’-1-მა და ‘არმიამ’ იპირველეს. რიონისპირელთა მეორე გუნდი და „არმიელები“ „ოქროს“ ჯგუფის პლეი ოფში ითამაშებენ და თან მომავალ სეზონს უფროს ჭაბუკთა ელიტაში დაიწყებენ, მანამდე კი ამერ-იმერის წარმატებული გუნდები გაისად გაზაფხულზე 2-მატჩა დუელში „ვერცხლის“ ლიგის ჩემპიონს გამოავლენენ.

ჩემპიონატის ლიდერი ‘აია’, ვაზისუბანში მარნეულის ‘არმაზს’ სტუმრობდა. აუტსაიდერმა ფავორიტთან გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა პირველ ტაიმში მოახერხა და სტუმრები 2 გარდასახულ ლელოს (კვაჭი შოთა ხელაძე და ფრთა ლუკა ბუხრაშვილი) დააჯერა. მეორე ნახევარში ‘აიამ’ ტემპს უმატა და მონაგარს კიდევ 5 უპასუხო ლელო წაუმატა. მასპინძელთა „მშრალი“ ანგარიშით მარცხს წერტილი შუამარბმა ანზორ სარალიძემ დაუსვა – 47:0. ‘აიას’ კაპიტანმა და მგეზავმა ელგუჯა მახარეიშვილმა, მის მიერ შესრულებული 6-ივე გარდასახვა გამოიყენა.

‘ბოლნისის ‘ყოჩები’, ტიტულის კიდევ ერთ მაძიებელ ‘ლელოს’ „რაგბი პლატოზე“ დაუხვდა და პირველ ტაიმში საკადრისი ბრძოლა გაუმართა. ‘ლელოს’ ფრთა ლუკა ხორბალაძის შესრულებულ „დუბლს“, ‘ყოჩთა’ მგეზავმა ნიკა შველიძემ თავისივე გარდასახული ლელო შეაგება, თუმცა მხტომელ გუგა გოგუაძის დადებული ლელოთი, ფავორიტი შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმში ‘ლელომ’ მეტოქეზე წნეხი გააძლიერა. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები სწრაფად, ლაღად ამოქმედდნენ და შველიძის გატანილ ეულ ჯარიმას, 4 დადებული ლელო დაუპირისპირეს. გოგუაძემ „დუბლი“ გაიფორმა. ‘ლელოს’ ფრთა ლუკა ცირეკიძემ ასევე წყვილი ლელო გაიტანა და მანვე ბოლო წუთებზე საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 43:10.

აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმი’-1-ისა და რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრა დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა. ქვემო ქართლელებმა მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მეორე ტაიმის შუაწელს, მარბიელ თამაზ ჭამიაშვილის „დუბლით“ ანგარიშში ჩამორჩენა 7-ქულამდე შეამცირეს.

აჭარლები აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ, სადაც თენგიზ გოგიბერიძის ბიჭებმა მოპოვებული უპირატესობა მოლით დადებულ 4 ლელოში ასახეს (‘ბათუმმა’ მთლიანობაში მეტოქეზე 2-ით მეტი, 5 ლელო გაიტანა). ბათუმელთა კვაჭმა გიორგი ირემაძემ „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა. მატჩის გარდამტეხ მომენტში მასპინძელთა ფულბეკმა ზურა ფირცხალაიშვილმა ეფექტური არეკნით საკუთარი გუნდის უპირატესობა გაამყარა, ბოლო წუთებზე კი აჭარელთა მარბიელ ნიკა ველურიძის ძალისმიერმა ლელომ ‘ბათუმის’ სეზონში მე-6 გამარჯვება დააფიქსირა – 34:17.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘ხვამლის’ დედაქალაქურმა დერბიმ უშეღავათო ბრძოლაში განვლო. მუხიანელები პლეი ოფში მოხვედრის შანსს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ინარჩუნებდნენ. მართალია, ‘ხვამლი’ მწვავედ და სახიფათოდ უტევდა, თუმცა ხშირმა ტექნიკურმა წუნმა მუხიანელები კინკილა ლელოს დააჯერა (კვაჭი ბექა ნეფარიძე) და სამატჩო ქულების გარეშე დატოვა.

‘აკადემიამ’ მატჩის პირველი ნახევარი კვაჭ ნიკა კოკოევის გარდასახული ლელოს წყალობით მოიგო. მეორე ტაიმში ნეფარიძის ლელოთი ‘ხვამლმა’ ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში უპირატესობას „მხატვრები“ ფლობდნენ. მასპინძელთა ფულბეკმა გიორგი ბოლქვაძემ დადებულ ლელოს, გატანილი ჯარიმაც დაურთო და ‘ხვამლი’ უქულოდ დატოვა – 15:5.