ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ პლეი ოფამდე უნიკალური შედეგით მივიდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ პლეი ოფამდე უნიკალური შედეგით მივიდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონი დასრულდა და პლეი ოფში მონაწილე წყვილთა ვინაობაც გაირკვა. ტიტულისა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში, „ოქროს“ ჯგუფში 1-6 ადგილზე გასულ გუნდებს „ვერცხლის“ ჯგუფის 2 წარმატებული გუნდიც შეურთდა. საქართველოს 20-წლამდე ნაკრების აფრიკაში ერთთვიანი ტურნეს გამო, პლეი ოფი აგვისტოს მეორე ნახევარში დაიწყება, გუნდებს კი რიგ მოთამაშეთა დაშვებული ასაკის ზღვარს გაცდენის მიუხედავად, სეზონის წინ განაცხადში მყოფი ყველა მორაგბის თამაშის უფლება შეუნარჩუნდათ.

დასკვნითი, 14-ე ტურის წინ დიდ ინტერესს იწვევდა ქუთაისში ‘აია’-‘არმაზის’ გადადებული შეხვედრა, რომლის გამარჯვებული პლეი ოფის ფინალამდე,  პირველობის მთავარ ფავორიტ ‘ლელოსთან’ შეხვედრის მეტად არასასურველ პერსპექტივას იცილებდა.

‘აიამ’ აღმავლობით წარმართა შეხვედრა და სასურველი ბონუსის თანხლებით-29:5 მოიგო. რიონისპირელები, ორგანიზებულ თამაშთან ერთად კარგად კომბინირებდნენ, რაქში არ ყოვნდებოდნენ და ოვალის სივრცეზე სწრაფი გაშლით მოედნის გარკვეულ მონაკვეთებზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნასაც ახერხებდნენ. მასპინძლებმა  ქვემო ქართლელებს ტაიმებში 2-2 ლელო დაუდეს. პირველ ნახევარში ბურჯი ლუკა შენგელია და ფრთა სოლომონ რაზმაძე გამოირჩნენ. მეორე ტაიმში კი გუნდის კაპიტან გივი ლეჟავას კვალ, მარქაფადან ჩართული უჩა შარვაშიძის მატჩის მიწურულს დადებულმა ლელომ ‘აია’  ორმაგად ახეირა. აღებული ბონუსით რიონისპირელებმა ცხრილში მესამე ადგილი დაიბევეს და თან პირველ წრეში განცდილი მტკივნეული მარცხისთვის დამაჯერებელი რევანშიც აიღეს.

სეზონის დასკვნით საკულტო შეხვედრაში, ჩემპიონი ‘ლელო’, ტიტულისთვის ბრძოლაში ბოლო წლების მთავარ მეტოქე ‘აიას’ მესამე მასივში დაუხვდა. ახალგაზრდულ ნაკრებში, აფრიკულ ტურნირზე მივლინებული 22 მორაგბის გამო, ჩემპიონს წინა ტურის მსგავსად, ამჯერზეც მესამე შემადგენლობით თამაშმა უწია. მიუხედავად ამისა, რიონისპირელებმა ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ საწყის 20 წუთში მოახერხეს.

მატჩის დებიუტში ‘ლელოს’ ფულბეკ არჩილ იაშაღაშვილის 2 ჯარიმას, ‘აიას’ შუამარბმა ლაშა მჟავანაძემ ასევე წყვილი ჯარიმა შეაგება, რის შემდეგ ჩემპიონი უპირატესობას მეთოდურად დაეუფლა. დაცვაში საიმედი თამაშთან ერთად, ‘ლელო’ ოვალს კარგად ხურავდა და თამაშს სისწრაფეზეც ეფექტურად შლიდა. მაღალი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე ჩემპიონმა სალელოვე შეტევათა 80 % გამოიყენა და სტუმრებს მთლიანობაში 5 უპასუხო ლელოც გაუტანა. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდთაგან, პირველმა თავი ბურჯმა არჩილ არაბიძემ გამოიჩინა. მატჩის მიწურულს კი  საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება შუამარბ რატი ბერაიას ლელომ დააფიქსირა-42:9.

‘ლელომ’ რეგულარული სეზონი ფენომენალური შედეგით ჩაამთავრა. ჩემპიონმა პირველობის 14-ივე შეხვედრა პრემიით მოიგო, 70 საცხრილო ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასული ‘ხვამლი’  25 ქულით ჩამოიტოვა. ამასთან ერთად ‘ლელომ’ 806  სამატჩო ქულა დააგროვა / თამაშში საშუალოდ 57,5 ქულა/, მეტოქეებს კი სეზონის მანძილზე მხოლოდ 50  ქულის აღების შესაძლებლობა მისცა.

‘აიას’ მარცხმა, ‘ხვამლს’ სასურველი მეორე ადგილი ჯერ კიდევ ‘ლოკომოტივთან’ მატჩამდე დაუბევა. რატი ურუშაძის შეგირდები ფინალამდე, პლეი ოფის ორივე ეტაპის შეხვედრებს საკუთარ არენაზე გამართავენ და წარმატების შემთხვევაში პირველობის მთავარ ფავორიტ ‘ლელოს’ უშუალოდ სატიტულო შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. “რკინიგზელებმა“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და პოზიტიურ შედეგამდე მცირედი დააკლდათ. ბოლო წუთებზე ფულბეკ გურამ ინწკირველის ლელოთი ვახტანგ კავთიძის შეგირდებმა ანგარიშში ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ლუკა სახელაშვილს გარდასახვაში ხელი პირქარმა შეუშალა და მუხიანელებმა თვალსასეირო და დრამატულ ბრძოლაში-17:15 იმარჯვეს.

რეგიონულ დერბიში, ‘არმაზი’ რუსთავის ‘ხარებს ვაზისუბანში დაუხვდა და მატჩი პრემიით- 37:21 მოიგო. ‘არმაზმა’ მთლიანობაში მეტოქეზე 2-ჯერ მეტი, 6 ლელო გაიტანა. პირველი ტაიმში „დუბლით“ მასპინძელთა ლიდერი და მგეზავი ოთარ მეტრეველი გამოირჩა. ‘ხარებმა’ ხელი მატჩის მიწირულსღა გამოიღეს და ბოლო 10 წუთში მარბიელ გელა ქავთარაძის დადებული წყვილი ლელოთი ანგარიშში სხვაობა 16 ქულამდე შეამცირეს.

აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმისა’ და ‘არესის’ შეხვედრა ოდენ პრესტიჟის ხასიათს ატარებდა. მეტოქენი „ოქროს“ ჯგუფს ჯერ კიდევ დასკვნითი ტურის წინ გამოეთხოვნენ და მატჩის მომგები გუნდი ცხრილში მხოლოდ თავს ბოლო ადგილს აღწევდა.

აჭარლებს პირველი წრის შეხვედრა სტუმრად მოგებული ქონდათ და ლაშა დუმბაძის ბიჭებმა საშინაო მატჩი კიდევ უფრო დამაჯერებლად ჩაატარეს, 5 ლელო გაიტანეს და რიონისპირელები პრემიით -29:7 დაამარცხეს. ბათუმელთა წარმატებას სათავე მარბიელ თორნიკე მაჭუტაძის ლელომ დაუდო, საბოლოო ანგარიში კი მასპიძელთა კიდევ ერთი მარბიელის ქრისტიანე მოწყობილის დადებულმა ლელომ დააფიქსირა.

მართალია, ‘ბათუმი’ ცხრილში ‘ხარებს’ გაუტოლდა, თუმცა უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო, მერვე ადგილი და შესაბამისად პლეი ოფში თამაში ქვემო ქართლელებს ერგოთ.

„ოქროს“ ჯგუფის მოწინავე ექვსეულთან ერთად პლეი ოფში „ვერცხლის“ ჯგუფიდან ‘აკადემია’ და ‘იუნკერები’ ითამაშებენ. მართალია ლიგაში მეორე ადგილზე რაგბის კლუბი ‘ზუგდიდი’ გავიდა, თუმცა მეგრელებმა მთავარ ჯგუფში თამაშზე უარი განაცხადეს და დებულებით მათი ადგილი „ვერცხლის“ ჯგუფის მესამეადგილოსან კიკეთელებს ერგოთ. ზუგდიდის ისტორიაში ქალაქს მორაგბე კაცთა გუნდი პირველად ეყოლება, რომელიც სადებიუტო სეზონს რეგიონულ ლიგაში გაატარებს და შემადგენლობის ბირთვს ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის გუნდის მოთამაშეები შეადგენენ. ‘ა’ ლიგის  „ვერცხლის“ ჯგუფში კი ‘ზუგდიდი’ მომავალ სეზონში ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგიდან დაწინაურებული მორაგბეებით იასპარეზებს. მიმდინარე სეზონში ვახტანგ კორკელიასა და ნიკა ნარსიას შეგირდებმა დასავლეთის ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგეს და საკლასიფიკაციო მატჩში, აღმოსავლეთის გამარჯვებულ ‘აკადემიასთან’ თბილისში დაძაბულ ბრძოლაში- 19:29 დამარცხდნენ.

პლეი ოფის პირველ ეტაპზე, 1/4-ში „ოქროს“ ჯგუფის გამარჯვებული ‘ლელო’ „ვერცხლის“ ჯგუფიდან მეორე ნომრად აღზევებულ ‘იუნკერებს’ დაუპირისპირდება. მეორეადგილოსანი ‘ხვამლის’ მეტოქე კი ქვედალიგის გამარჯვებული ‘აკადემია’ იქნება. მესამეადგილოსანი ‘აია’ აღნიშნული ეტაპის შეხვედრას შინ რუსთავის ‘ხარების’ წინააღმდეგ გამართავს. პლეი ოფის მოწინავე კვარტეტის კიდევ ერთ მონაწილეს კი 4-5 ადგილოსნების, ‘არმაზისა’ და ‘ლოკომოტივის’ შეხვედრა გაარკვევს.