ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ გალიდერდა და ზამთრის ჩემპიონი გახდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ გალიდერდა და ზამთრის ჩემპიონი გახდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მიმდინარე პირველობას სათავეში ‘ლელო’ ჩაუდგა. თორნიკე ბუბუტეიშვილის ბიჭები ცხრილში ქულებით ‘აიას’ გაუტოლდნენ და უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო დიდ დიღმელებმა ლიდერობა სეზონში ხელთ პირველად იგდეს.

ჩემპიონატში განცდილი მეოთხე მარცხის მიუხედავად, ‘ბათუმი’-1 მესამე პოზიციას მყარად ინარჩუნებს, მე-4 ადგილზე ანაცვლებულ ‘ყოჩებს’ 5 ქულით უსწრებს და თან მარაგში ‘აკადემიასთან’ გადადებული საშინაო შეხვედრაც რჩება. „მხატვრებმა“ მეხუთე ადგილზე ჩაინაცვლეს და ‘ყოჩებს’ 2 ქულით ჩამორჩნენ.

რუსთავის ‘ხარებმა’ მეორე წრის 4-ივე შეხვედრა წააგო, მათ შორის 3 მატჩი საკუთარ არენაზე დათმო. ქვემო ქართლელებს წარუმატებელი სერია მე-6 პოზიციამდე დაქვეითების ფასად დაუჯდათ. მიჯრით მეორე მოგებამ, ‘ხვამლს’ ელიტაში დარჩენის შანსი გაუზარდა. მართალია, მუხიანელები გასავრდნ ზონაში, მეშვიდე ადგილზე რჩებიან, თუმცა მხსნელ, პლეი ოფის ადგილთან უკვე 7 ქულა აშორებთ.

მე-11 ტურის გამორჩეული შეხვედრა აჭარის დედაქალაქში გაიმართა. მოსალოდნელისამებრ, ‘ბათუმი’-1-ისა’ და ‘აიას’ შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. მასპინძელთა ფულბეკ ზურა ნინიძის ჯარიმას, რიონისპირელებმა ფრთა ემზარ ნინიაშვილისა და კვაჭ გიგი ჭუმბურიძის გარდაუსახავი ლელოები დაუპირისპირეს. ტაიმის მიწურულს ნინიძემ ჯერ ჯარიმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი საკუთარი გუნდის კაპიტან თორნიკე გაბელაიას დადებული ლელოც გარდასახა, რამაც აჭარლებს პირველი ნახევარი 3-ქულიანი უპირატესობით მოაგებინა.

მეორე ტაიმი ‘აიას’ სრული უპირატესობით წარიმართა. პაატა ტყაბლაძის ბიჭებმა ტაიმის უმეტესი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გაატარეს, თუმცა მასპინძელთა ორგანიზებული დაცვის გარღვევა მხოლოდ შუამარბმა გივი კაშიამ მოახერხა. რიონისპირელთა ფულბეკმა ოთარ მეტრეველმა ზუსტად შესრულებული გარდასახვით საკუთარი გუნდის რთული გამარჯვება დააფიქსირა – 17:13.

‘აკადემია’-‘ლელოს’ დედაქალაქური დერბი „რაგბი პლატოზე“ გაიმართა, სადაც „მხატვრებმა“ ფავორიტს პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართეს და დიდ დიღმელები მხოლოდ 4-ქულიან უპირატესობას დააჯერეს. ‘ლელო’ უპირატესობის მოპოვებას უმეტესად სტატიკის ხარჯზე ცდილობდა და მოლით ლელოს გატანა მხტომელმა ვანიკო ნუცუბიძემ და კვაჭმა თორნიკე ბოყოველმა მოახერხეს. მასპინძელთა მხრიდან კი ფულბეკმა გიორგი ბოლქვაძემ წყვილი ჯარიმა გაიტანა.

მეორე ტაიმში ‘ლელო’ სრული დატვირთვით, მაღალ სიჩქარეზე ამოქმედდა. ფიზიკურად და ტაქტიკურად უკეთ მომზადებულმა ფავორიტმა „მხატვრებს“ კომბინაციურ სტილში 5 უპასუხო ლელო დაუდო, მასპინძლები კი ბოლქვაძის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერა. ‘ლელოს’ შუამარბმა გიორგი ხაიდრავამ მიჯრით წყვილი ლელო გაიტანა, „მხატვართა“ მარცხს კი წერტილი მარქაფადან ჩართული ფრთის სანდრო დარძულიძის დადებულმა ლელომ დაუსვა – 41:9.

ნუცუბიძის ფერდობზე გამართულ კიდევ ერთ, ამჯერზე ქვემო ქართლურ დერბიში, ბოლნისის ‘ყოჩებს’ მოუგებლად მყოფმა მარნეულის ‘არმაზმა’ ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. ‘არმაზის’ ფულბეკმა ნიკა გოცირიძემ დადებული ლელოთი, მეტოქის მარბიელ გიორგი გოგოლიძის გატანილ ლელოს უპასუხა, თუმცა შუამარბ ნიკოლოზ შველიძის ზუსტად შესრულებული გარდასახვითა და გატანილი ჯარიმით ‘ყოჩები’ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმში „ყოჩთა“ უპირატესობა გამოიკვეთა. გიორგი ჭინჭარაულის შეგირდებმა აუტსაიდერს 6 უპასუხო ლელო გაუტანეს და მატჩი დაგეგმილი ბონუსით – 46:5  მოიგეს. თანაგუნდელთა დამაჯერებელი გამარჯვება მატჩის მიწურულს ფრთა ალექსანდრე ტატიშვილის დადებულმა ლელომ დააფიქსირა.

„ხარები არენაზე“, ‘ხვამლმა’ ელიტაში დარჩენის ბოლო შანსი გამოიყენა და მატჩის დასკვნით ნაწილში ‘ხარების’ დაცვის უხეში შეცდომების ხარჯზე მაქსიმალური ხეირიც ჰპოვა. მეტოქეებმა მთლიანობაში 4-4 ლელოს გატანა მოახერხეს. პირველი ნახევარი ‘ხარებმა’ 9-ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა სტუმართა გამორჩეული მგეზავის ლუკა თაყაიშვილის ლელო-გარდასახვა-ჯარიმის წყალობით, მეორე ტაიმის შუაწელს ‘ხვამლმა’ მინიმალური სხვაობით დაწინაურება მოახერხა.

მართალია, ‘ხარებმა’ მარქაფად ჩართული ფულბეკის ბექა ბერძენიშვილის გარდაუსახავი ლელოთი უპირატესობა დაიბრუნეს, თუმცა მასპინძელთა დაცვის მორიგ შეცდომას მუხიანელთა ფულბეკ ბუბა როსტომაულის ეფექტური ლელო მოყვა, რომლის გარდასახვა ლუკა თაყაიშვილს არ გაჭირვებია, რამაც ‘ხარები’ ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა – 27:24.

ზამთრის არდადეგების წინ „ვერცხლის“ ლიგის გამარჯვებული გაირკვა. ‘არმიამ’, ქუთაისის ‘აიას’ ორივე შეხვედრა მოუგო და არაოფიციალურ ტიტულთან ერთად, „ოქროს“ პლეი ოფში ქვედა ლიგიდან პირველი ნომრის კლასიფიკაციით მოხვდა და 1/4-ში ელიტას რეგულარული სეზონის გამაჯვებულთან დაპირისპირებას აცდა.

„ვერცხლის“ ლიგის ფინალში, საშინაო მარცხის – 14:18-ის შემდეგ, ‘აია’ „რაგბი ჭალაში“ ‘არმიას’ პირველი ტაიმის შემდეგ სასურველი, 7-ქულიანი სხვაობით უგებდა, თუმცა მეორე ტაიმი გიორგი ლუაშვილის ბიჭების სრული უპირატესობით წარიმართა, რაც „არმიელთა“ ფრთების: თეიმურაზ რუხაიასა და ლუკა მერაბიშვილის 2 გატანილ უპასუხო ლელოში აისახა. ‘არმიამ’ რიონისპირელებს საპასუხო შეხვედრაც მოუგო – 20:12 და 2 მატჩის ჯამში ვერცხლის ლიგაში იპირველა.