სუპერ თასი | ‘ბათუმის’ ტაიმი ბუქარესტში

სუპერ თასი | ‘ბათუმის’ ტაიმი ბუქარესტში

საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’, რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე ტურში,ბუქარესტში რუმინულ ‘ვულვზს’ 35 წუთის განმავლობაში ჯაბნიდა და 12-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქის ფეხით თამაშს და საკუთარ შეცდომებს ვერაფერი მოუხერხა – 15:37.

ზღვისპირელებმა პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი კარგად ჩაატარეს. ისინი ხისტად თამაშობდნენ დაცვაში, ძლიერები იყვნენ კონტაქტის არეში, აკონტროლებდნენ ბურთს და რამდენჯერმე სახიფათოდ გაჭრეს ხაზი, მაგრამ ხშირი იყო ტექნიკური წუნი და ყველა ეპიზოდის ქულებში ასახვა ვერ მოხერხდა. მასპინძლები უკეთ თამაშობდნენ ფეხით და ბევრი პრობლემები შეგვიქმნეს. გარდა ამისა, მეორე ტაიმში იმატა ტექნიკურმა წუნმა, დერეფანში უზუსტობამ და საბოლოოდ ‘ვულვზმა’ სასურველი შედეგის დაფიქსირება მოახერხა.

ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე, ჯარიმით გახსნეს, რის შემდეგაც ინიციატივას ‘ბათუმი’ დაეუფლა და რამდენიმე ხიფათიც შექმნა. რომ არა ტექნიკური წუნი, ხელდახელ სწრაფ შეტევებს ლელო აუცილებლად მოყვებოდა, თუმცა რაც არ გამოვიდა ხელდახელ, გამოვიდა მოლით. მე-19 წუთზე მასპინძლებმა ის წესების დარღვევით ჩააქციეს და საჯარიმო ლელოსთან ერთად სინბინითაც დაისაჯნენ. 24-ე წუთზე ბათუმელებმა შეძლეს ფაზების გადაბმა, შეტევის მიმართულება რამდენჯერმე დაბრუნდა მოკლე ფრთაზე, გიორგი ფრუიძემ სამჯერ შეძლო ბურთის წაღება, ბოლოს კი რაქიდან კოკი თხილაიშვილმა შეუტია და ლელო გაიტანა. მამუკა ნინიძეს რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 30-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა – 15:3.

საფრთხე თითქოს არსაიდან ჩანდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ცენტრში ხაზი გაიჭრა, ზედიზედ სამი ბოჭვა გაფუჭდა და ‘ვულვზმა’ საპასუხო ლელო გაიტანა, გარდასახვის შემდეგ კი სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. მეორე ტაიმში ‘ბათუმს’ თამაშის დალაგება გაუჭირდა. მათ შეცდომები მოუმრავლდათ, რითაც რუმინელებმა ისარგებლეს და 48-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. 55-ე წუთზე შეცდომას უკვე ჯარიმა მოყვა და მასპინძლებმა რთული პოზიციიდან კიდევ 3 ქულა აიღეს.

მცდელობების მიუხედავად სტუმრებმა ვეღარ შეძლეს გარდატეხის შეტანა. ‘ვულვზმა’ 65-ე წუთზე უპირატესობა ჯარიმით კიდევ უფრო გაზარდა, დასკვნით ხუთ წუთში კი ფეხით კიდევ ორი ლელო შექმნა და 37:15 იმარჯვა.

მომდევნო ტურში ‘ბათუმი’ 25 სექტემბერს, 15 საათზე ისრაელის ‘ჰითს’ მასპინძლობს, ‘ვულვზი’ კი ქუთაისში ‘შავ ლომს’ ეთამაშება. მანამდე, ხვალ, 18 სექტემბერს, „აია არენაზე“ ‘შავი ლომი’ ‘ჰითს’ დაუხვდება. შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.