და აი ისიც! გაიცანი - შავი ლომი

და აი ისიც! გაიცანი - შავი ლომი

და აი ისიც! ბევრი მუშაობისა და ლოდინის შემდეგ, წარმოგიდგენთ პირველ ქართულ პროფესიულ ფრენჩაიზს/კლუბს – შავი ლომი, რომელიც სექტემბრიდან ახალ ევროპულ საკლუბო ტურნირში – სუპერ თასში მიიღებს მონაწილეობას. გუნდი შედგება საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დაკონტრაქტებული მორაგბეებისგან, რომლებიც საქართველოს ეროვნულ და სხვა ნაკრებებში მოიაზრებიან.

რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე ამბობს:

„ქართული რაგბის გულშემატკივრებს ვულოცავ პირველი ქართული ფრენჩაიზის დაბადებას. დღეს ყველა ჩვენთაგანის დიდი ხნის ნატვრა ახდა. მიუხედავად ფინანსური პრობლემების, მოხერხდა იმ გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ღრმად მწამს, ქართულ რაგბს კიდევ უფრო ახალ სიმაღლეებზე აიყვანს“.

„რაც შეეხება ახალ საკლუბო ტურნირს, მოხარულები ვართ რაგბი ევროპის სუპერთასის დაარსებით. ველოდებით მაღალი დონის ტურნირს და ხარისხიან თამაშებს. ეს მხოლოდ დასაწყისია და ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ კიდევ უფრო მეტ მაღალი დონის ჩემპიონატებში ჩაერთვება“.

ფრენჩაიზიდან დიდი 10-ის კლუბებში

რაგბის კავშირის სპორტული მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის დაარსებას ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანეს წამოწყებად მიიჩნევს. შესაძლოა, ეს პროექტი იყოს ყველაზე მნიშვნელოვანიც კი, ქართული რაგბის მომავლისთვის.

„ფრენჩაიზი ქართული რაგბის განვითარების ქვაკუთხედია, მთავარი კომპონენტი მისი წინსვლისთვის და უმნიშვნელოვანესი იყო მისი შექმნა. სულმოუთქმელად ველით ევროპის სუპერთასის დაწყებას და მასში ჩვენი ახალი გუნდის ჩართვას. გვაინტერესებს როგორ განვითარდება ეს პროექტი. პირველი თამაშები სექტემბერშია დაგეგმილი და გულშემატკივარს ნამდვილი სარაგბო ზეიმი ელით“ – ამბობს ხურციძე და განაგრძობს:

ხურციძის თქმით, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის სახელის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორი იქნა გათვალისწინებული:

„გულშემატკივრები ბორჯღალოსნებს ხშირად მოიხსენიებენ ლომებად; მსგავსი სახელით სპორტულ სივრცეში არცერთი გუნდი არ არის; არაოფიციალურ სარაგბო ჰიმნში არის ფრაზა – „თავისუფლება ლომთა ხვედრია“. გარდა ამისა, ინსპირაცია იყო ცნობილი ქართველი მხატვრის ნახატი შავი ლომი, რაც მისი ფანტაზიის ნაყოფია და სხვადასხვა ვარიანტები არჩევანი ამ სახელზე შევაჩერეთ“.

მნიშვნელოვანია, რომ ფრენჩაიზის მოთამაშეებს უფლება ექნებათ არასატურნირო დღეებში ითამაშონ დიდი 10-ის კლუბებში:

„გვაქვს ვალდებულება, რომ ფრენჩაიზში მინიმუმ 36 მოთამაშე გვყავდეს დაკონტრაქტებული. ეს არის საშუალება, რომ შევამციროთ მოთამაშეთა გადინება დაბალი დონის კლუბებსა და ჩემპიონატებში. ამ ეტაპზე კონტრაქტი გავაფორმეთ იმ მორაგბეებთან, რომლებიც სანაკრებო სივრცის (ბორჯღალოსნები, 7-კაცა) მოთამაშეებად მოიაზრებიან და კონტრაქტიდან თავისუფალი იყვნენ. ერთი წლის შემდეგ შეგვეძლება პერსპექტიული მოთამაშეების დამატება საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონიდან“.

„ჩვენი სურვილია, რომ შიდა ჩემპიონატის კლუბებს მიეცეთ შესაძლებლობა და ფრენჩაიზიდან დიდი 10-ისთვის დაარეგისტრირონ მაქსიმუმ 3-3 მოთამაშე. როდესაც ‘შავ ლომს’ არ ექნება თამაშები, ან რომელიმე მორაგბე ვერ მოხვდება სამატჩო განაცხადში, მათ შეეძლებათ კლუბების გაძლიერება და არც თავად დააკლდებათ სათამაშო პრაქტიკა. ეს არის აპრობირებული მეთოდი. მსოფლიოს ყველა წამყვანი ფრენჩაიზის მორაგბე, თავისუფალ დროს ამა თუ იმ კლუბის შემადგენლობაში თამაშობს შიდა ჩემპიონატში. ეს მოთამაშეებისთვისაც კარგი იქნება, კლუბებსაც წაადგება და ჩემპიონატსაც გააძლიერებს“.

გაიგე მეტი სუპერ თასის შესახებ აქ

დაუმეგობრდი შავ ლომს სოც-მედიაში 📲

Facebook.com/BlackLionRugby

Instagram.com/BlackLionRugby

Twitter.com/BlackLionRugby