რეგიონული ლიგა | აღმოსავლეთში ‘რუსთავი’, დასავლეთში კი ‘დინოზავრი’ და ‘კოლხი რაინდები’ დაწინაურდნენ

რეგიონული ლიგა | აღმოსავლეთში ‘რუსთავი’, დასავლეთში კი ‘დინოზავრი’ და ‘კოლხი რაინდები’ დაწინაურდნენ

რეგიონული ლიგის მესამე ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით -15 ქულით, აღმოსავლეთში რუსთავი’ გალიდერდა, თუმცა ქვემო ქართლელებს დაკარგული ქულებით ‘პატარძეული’ და დედაქალაქური ‘წიქარა’ უტოლდებიან (2 თამაშში 10-10 ქულა). დასავლეთში კი სამივე შეხვედრის ბონუსით მოგება ‘დინოზავრმა’ და ‘კოლხი რაინდებმა’ მოახერხა.

აღმოსავლეთის ჯგუფი

ჯგუფის მთავარი ფავორიტი ‘რუსთავი’ ჯერჯერობით ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ აწყდება და განვლილ 3 ტურში ქვემო ქართლელთა დომინირება მეტოქეებზე სულ უფრო და უფრო სოლიდური ხდება. გიორგი ჯიმშელაძის შეგირდებმა მშობლიურ ქალაქში უშანსოდ ამჯერად ‘ივერია’ დატოვეს და ქართული რაგბის ერთ-ერთი უხნესი გუნდი ლაშა წიკლაურის გატანილ წყვილ ჯარიმას დააჯერეს. საკუთრივ კი ‘რუსთავმა’ მეტოქეს 14 ლელო დაუდო. შუამარბებმა: ზუკა ბენდელიანმა და დემე დემეტრაშვილმა, ასევე მღლეტელმა ბექა ხვისტანმა პირად აქტივს „დუბლი“ შემატეს – 84:6.

აღმოსავლეთში, ტურის გამორჩეული შეხვედრა პატარძეულში გაიმართა. კახურ დერბიში, მასპინძელმა ‘პატარძეულმა’ უშანსოდ თელავის ‘ჭადარი’ დატოვა. სატახტო ქალაქის გუნდმა გარე კახელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ საწყისი 20 წუთის მანძილზე გაუწია, რის შემდგომ თორღვა ქაცანაშვილის ბიჭების უპირატესობა მეთოდურად გამოიკვეთა. გამოცდილი მორაგბეებით დაკომპლექტებული ‘პატარძეული’ მეტოქის შეცდომებს კარგად იყენებდა, თელაველებს მთლიანობაში 7 ლელო დაუდო და მატჩი ბონუსით – 45:13 მოიგო. მასპინძელთა კვაჭმა ლადო ბრეგვაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა.

‘ლაშარი’-წიქარას’ დედაქალაქურ დერბიში მეტოქეთა კლასში არსებული სხვაობა მატჩის ანგარიშში ნათლად აისახა. ‘წიქარამ’ აუტსაიდერი „მშრალი“ ანგარიშით, ბონუსის თანხლებით – 76:0 დაამარცხა. ჰავბეკმა გივი მუმლაძემ და მარბიელმა ვაჩე გელბახიანმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულეს. გუნდის მოთამაშე-მწვრთნელმა გიორგი ბარნოვმა კი წყვილი ლელოს გატანა მოახერხა. ‘წიქარამ’ 10 საცხრილო ქულას მოუყარა თავი და ‘პატარძეულთან’ ერთად 2-3 ადგილებს ინაწილებს. მორიგ ტურში,  უდაოდ გამორჩეული ‘წიქარასა’ და ‘პატარძეულის’ დაპირისპირება იქნება.

ტურის დანარჩენ შეხვედრებში ‘სოხუმმა’ ‘ივერიელს’ 39:3 მოუგო, ხოლო ‘გარდასახვამ’ ‘არაგველებს’ 51:12 აჯობა. ორივე გამარჯვებულმა გუნდი ბონუს-ქულაც აიღო.

დასავლეთის  ჯგუფი

ვანში, მესამე ტურის გამორჩეულ შეხვედრაში ლიდერთა სამეულში მყოფნი, ადგილობრივი ‘აიეტი’ და წყალტუბოს ‘დინოზავრი’ დაუპირისპირდნენ. ‘დინოზავრი’ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, რაც განვლილმა შეხვედრამაც დაადასტურა. ზაზა ჩირგაძემ ბრძოლისუნარიანი, მონოლითური კოლექტივი შეკრა, რომელიც სეზონს კარგად მომზადებული შეხვდა და ხარისხს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს. წყალტუბოელები მასპინძლებს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ და ვანელებმა „მშრალი“ ანგარიშისგან თავის დაღწევა შუამარბ ლევან რობაქიძის კინკილა ჯარიმით მოახერხეს, რითაც წყალტუბოელებს სეზონში პირველი სამატჩო ქულები აართვეს. ‘დინოზავრმა’ კი საკუთრივ 9 ლელო გაიტანა და „დუბლით“ მხტომელი თორნიკე შუბითიძე, მგეზავი ოთარ ვარდანიძე და ფრთა ჯონი ფარულავა გამოირჩნენ – 53:3.

3 ტურის თავს, ‘დინოზავრის’ მსგავსად მაქსიმალური შედეგი (15 ქულა) ფოთის ‘კოლხი რაინდებმაც’ დააფიქსირეს. კოლხებმა, ატალახებული მოედნის მიუხედავად სამტრედიაში ადგილობრივ ‘ფენიქსს’ ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილეს და მატჩი ბონუსით – 24:0 მოიგეს. ლელოს გატანა პირველ ტაიმში კვაჭმა გოჩა დიასამიძემ და მარბიელმა დავით ივანოვმა მოახერხეს, რასაც მეორე ნახევარში მარქაფადან ჩართული ჰავბეკის ნოდარ ბენიასა და კოლხთა მთავარი მწვრთნელის თანაშემწის ბაჩო ჩაჩავას ლელობიც დაერთო. აღსანიშნავია სტუმართა მხრიდან ეფექტური შებრუნებული პასები, კარგი მიყოლა, ფეხით გააზრებული დარტყმები და დაცვაში საიმედო თამაში.

ტურის დანარჩენ ორ თამაშში ‘ზუგდიდმა’ ‘ქედას’ ბონუსით, 40:5 მოუგო, ხოლო ‘მეკობრეებმა’ ‘ჩოხატაური’ სტუმრად 13:10 დაამარცხა.

ლიდერები მორიგი ტურის შეხვედრებს საკუთარ არენებზე გამართავენ. ‘დინოზავრი’ რაგბის კლუბ ‘ზუგდიდს’ უმასპინძლებს, კოლხი რაინდები’ კი „პარკი არენაზე“ ვანის ‘აიეტს’ დაუხვდებიან.

 

ფოტო: ლევან ვერძეული