რაგბი ევროპა | მესამე ფრე პორტუგალიასთან

რაგბი ევროპა | მესამე ფრე პორტუგალიასთან

ბორჯღალოსნები 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში „მიხეილ მესხზე“ პორტუგალიას დაუხვდნენ და ფრედ, 25:25 ეთამაშნენ.

ეს მესამე ფრეა, რომელიც ამ გუნდებს შორის გამართულ 23 შეხვედრაში (16 მოგება) დაფიქსირდა – 2006 წელს პორტუგალიას ლისაბონში 11:11, 2009 წელს კი თბილისში 20:20 ვეთამაშეთ.

პორტუგალიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაღალი დონის თამაში აჩვენა და თბილისიდან ქულების წაღება დაიმსახურა. ისინი მთელ რიგ კომპონენტებში ფლობდნენ უპირატესობას, ბორჯღალოსნებმა კი, ვერაფრით შეძლეს თამაშის დალაგება, დათმეს საკუთარი დერეფნების დიდი ნაწილი, ვერ ააწყეს შეტევითი კომბინაციები, დაუშვეს ინდივიდუალური შეცდომები, ხშირი იყო ტექნიკური წუნი და ეპიზოდური გამონათებები გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ისიც სათქმელია, რომ ტრავმებისა და კოვიდ-პანდემიის გამო, სამწვრთნელო შტაბს რამდენჯერმე მოუწია გაფართოებული შემადგენლობის შეცვლა და მზადებამაც ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ჩაიარა, თუმცა თამაშის ხარისხის კუთხით, მაინც უკეთესის მოლოდინი გვქონდა.

მაღალ ტემპში, შეცდომებით

თამაში ორივე გუნდმა მაღალ ტემპში დაიწყო, მაგრამ ხაზზე ბურთის გაშლის მცდელობები ტექნიკური წუნით სრულდებოდა, დერეფანში დაკარგული ბურთების წყალობით კი, რამდენჯერმე დაიკარგა შესატევი პლაცდარმი.

პორტუგალიამ ამ სიტუაციით კარგად ისარგებლა, ბურთზე კონტროლი დაამყარა და მე-10 წუთზე ჯარიმით დაწინაურდა. თედო აბჟანდაძემ ახლოდან 26-ე წუთზე შეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ განახლდა თუ არა შეხვედრა დავჯარიმდით და სამუელ მარკეშმა სტუმრები კვლავ დააწინაურა.

შეხვედრის პირველი ლელო 30-ე წუთზე გავიდა. ლაშა ხმალაძემ ცენტრში გადაკიდებული ბურთი აიღო, ფეხზე დარჩა და ის ვანო კარკაძეს გაატანა, მერე ბურთი ხაზზე გავიდა, აკა ტაბუცაძე ორ მბოჭავს დაუსხლტა და თავისი მე-13 ლელო გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მოქმედ ბორჯღალოსნებს შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია. აბჟანდაძემ გარდასახა – 10:6.

37-ე წუთზე, ცენტრში დანიშნული შერკინების შემდეგ სტუმრებმა ხაზზე გაიტანეს ბურთი, შეტევაში მანუელ კარდოზუ-პინტუ მაღალ სიჩქარეში ჩაერთო, ორ მცველს შორის ხაზი სუფთა გაჭრა და საპასუხო ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო. საქართველომ ტაიმი მაინც მოიგო, მეტოქის 22-ში მოგებულ დერეფანს ჯარიმა მოყვა, გელა აფრასიძემ ბურთი სწრაფად გაითამაშა და არეული იერიში გრიგორ ქერდიყოშვილის ლელოთი დასრულდა – 15:11.

მეორე ტაიმის დასაწყისში მოგებულ დერეფანს ჯარიმა მოყვა და ის თედომ 3 ქულად აქცია, თუმცა 49-ე წუთზე მირიან მოდებაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივ უპირატესობაში მეტოქემ 14 ქულა მოიპოვა. როდრიგუ მარტამ ფეხით გადაკიდებულ ბურთზე საჰაერო ბრძოლა მოიგო და ლელო ალამთან გაიტანა, 58-ე წუთზე კი პორტუგალიელთა სწრაფი შეტევა ჟოზე ლიმას ლელოთი დასრულდა და ორივე გარდასახვა ზუსტი იყო.

შეცვლების შემდეგ დერეფანში თამაში გამოსწორდა და შერკინებაში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა, რასაც 65-ე წუთზე ლელო მოყვა: დერეფნის შემდეგ 5-მეტრიანი შერკინება მივიღეთ, იქიდან კი თორნიკე ჯალაღონიამ შეუტია და ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი წონასწორობა აღადგინა.

სულ ბოლოს მოგების შანსი გაჩნდა. ჩვენს 22-თან დანიშნული შერკინების შემდეგ, აფრასიძემ ფრთაზე ტაბუცაძეს გაატანა ბურთი, ის მეტოქის ნახევარზე გადავიდა და შეტევა საპირისპირო ფრთაზე გაგრძელდა, მაგრამ დავით მესხი 22-ში შეაჩერეს, ფორვარდების დარტყმების სერიის შემდეგ კი, ბურთი 5-მეტრიანთან დაიკარგა და მატჩიც 25:25 დასრულდა.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
I ტური. 6 თებერვალი. თბილისი. მიხეილ მესხი.
საქართველო – პორტუგალია 25:25 (15:11)

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ნიკო აფციაური; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. დავით მესხი.

3 ლელო: ტაბუცაძე, ქერდიყოშვილი, ჯალაღონია

2 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

1 სინბინი: მოდებაძე