რაგბის სიმბოლიკიანი პროდუქცია „დინამო არენაზე“

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უფლება მისცეს სოციალურ საწარმოებს რაგბის ქომაგებისთვის კავშირის ლოგოტიპის გამოყენებით შექმნან სამოსი და აქსესუარები, და, 6 და 12 ნოემბერს დაგეგმილ საერთაშორისო მატჩებზე სტადიონზე გაყიდონ, ხოლო მიღებული შემოსავალი განვითარებისთვის გამოიყენონ.

რაგბის კავშირი უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალური საწარმოების მხარდაჭერას, სადაც სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფები, ასევე შშმ პირები არიან დასაქმებულნი. შესაბამისი მემორანდუმი რაგბის კავშირსა და 10 სოციალურ საწარმოს შორის ოთხშაბათს, 2 ნოემბერს 11:00 ავჭალის სარაგბო ბაზაზე გაფორმდა.

რაგბის კავშირი იმედოვნებს, რომ სოციალურ ინიციატივაში ქართული რაგბის ათეულ ათასობით ქომაგიც ჩაებმება და აქტიურად შეიძენს „დინამოს“ სტადიონზე წარმოდგენილ სარაგბო ატრიბუტებს, რითაც თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენს.

„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 10 სოციალურ საწარმოსთან გავაფორმეთ მემორანდუმი. 6 და 12 ნოემბერს, „დინამო არენაზე“, მათ მიეცემათ შესაძლებლობა გამოიყენონ საქართველოს რაგბის კავშირის სიმბოლიკა და შემოსული თანხა სრულად მოახმარონ საკუთარი საწარმოს განვითარებას. სოციალურ კამპანიებს საქართველოს რაგბის კავშირი მუდამ გვერდში უდგას და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ პროცესში არაპირდაპირ, თუმცა ჩართულები იქნებიან რაგბის ქომაგები“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.

„როგორც ჩვენი, ასევე რაგბის კავშირის სურვილია, რომ სოციალური საწარმოები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და ამავდროულად, რაგბის გულშემატკივარს შესთავაზონ სხვადასხვა პროდუქცია რაგბის სიმბოლიკის გამოყენებით. ეს იქნება ექსკლუზიურად ამ ორი თამაშისთვის შექმნილი პროდუქცია. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცდილება მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მდგრადი იქნება“ – დაამატა სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე კუსიანმა.