პირველი ლიგა | გურულებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევენ

პირველი ლიგა | გურულებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევენ

სრკ-ს გადაწყვეტილებით, დიდი 10-ის სატიტულო შეხვედრის მსგავსად, პირველი ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა „ავჭალა არენაზე“ გაირკვევა. ლიგის მომგები გუნდი დიდ 10-ში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ფინალში ხელმოცარული კოლექტივი კი ელიტაში ასვლაზე, დიდი 10-ის მე-9 ადგილოსანთან 2-რაუნდიან შეხვედრებს გამართავს.

მეორე წრე ლიდერთა დამაჯერებელი გამარჯვებებით დაიწყო. ‘არწივებმაც’ და ‘არმიამაც’ ბონუსით იმარჯვეს, რის შემდგომ ლიდერმა გურულებმა მდევარ „არმიელებთან“ 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. მიჯრით მეოთხე მოგებამ მარნეულის ‘არმაზი’ მოწინავე კვარტეტში დაამკვიდრა, თუმცა ‘არმიას’ 15 ქულით ჩამორჩება. ქვემო ქართლელებს, ქულებით ტოლ-სწორად მყოფი ‘ტაო’ მხოლოდ პირისპირ ბალანსით აღემატება. მიჯრით მეორე მარცხმა მეხუთე ადგილზე მყოფი ‘ვეფხვები’ ხსენებულ კვარტეტს 5 ქულით დააშორა.

ცხრილის მეორე ნახევარში კი, პლეი ოფის ვაკანტური საგზურისთვის მებრძოლ გუნდებს შორის დიდი სიხალვათეა. ბოლო ხანს ჩინებულად ათამაშებული ‘მათე’ ქულებით ქუთაისის ‘ბაგრატს’ გაუტოლდა. იმერულ გუნდებს ‘იუნკერები’ სულ 1 ქულით ჩამორჩა, თუმცა პლეი აუტის ადგილზე მყოფ ‘გორთან’ უპირატესობა 4-ქულამდე გაზარდა. შიდა ქართლელები კი თავის მხრივ გასავრდნ, ბოლო ადგილზე მყოფ ‘ბორჯომს’ კვლავინდებურად 8 ქულით აღემატებიან.

პირველობის ლიდერმა ‘არწივებმა’, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე პატარძეულის ‘ვეფხვებს’ უმასპინძლა. ფავორიტი უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა. გურულები სწრაფად, ლაღად მოქმედებდნენ, მეტოქეს ხაზსს იოლად უჭრიდნენ და სტუმრებს სტატიკაშიც არაფერს უთმობდნენ. შუამარბ ლაშა დონაძისა და ფულბეკ დავიან სვანეპოელის ლელოები მგეზავმა მარვინ ფრედერიკსმა გარდასახა და ფავორიტი შესვენებზე 14-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ‘არწივებმა’ პირველი ნახევრის მონაგარს კიდევ 5 ლელო წაუმატა და დამაჯერებლად – 47:5 იმარჯვა. ფრედერიკსს მხოლოდ 1 გარდასახვა გაუცუდდა. გარე კახელები კი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს კვაჭ გიორგი გოგუაძის დადებული ლელოთი გადაურჩნენ.

‘არწივების’ მდევარმა ‘არმიამ’ „რაგბი პლატოზე“, პირველობის აუტსაიდერ ‘ბორჯომს’ უმასპინძლა. თორელებმა ფავორიტს პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართეს და შუამარბ ნიკა დიღმელაშვილის შესრულებული „დუბლის“ წყალობით „არმიელები“ 12-ქულიან უპირატესობას დააჯერეს. მეორე ტაიმში ლევან ობოლაძის შეგირდებმა ტემპს უმატეს, მეტოქეს მოქმედების არეალი შეუზღუდეს და თან სტატიკაშიც ძალუმად იძალეს. „არმიელთა“ კვაჭმა შაკო კეთილაძემ 3 ძალისმიერი ლელო გაიტანა და მატჩის გამორჩეულ მოთამაშედაც იქცა – 50:17.

ასპინძაში, ‘ტაოს’ აუტსაიდერთა რიგებში მყოფ ‘გორთან’ პრობლემები არ შექმნია. მესხებმა შიდა ქართლელებს ტაიმებში 3-3 ლელო გაუნაწილეს და მატჩის დაგეგმილი პრემიით – 40:15 მოიგეს. ‘ტაოს’ შუამარბმა გიგა ჩაბაკაურმა „დუბლი“ შეასრულა. გორელთა მარცხს კი წერტილი მარქაფადან ჩართული ფრთის ლუკა ღოღელიშვილის გატანილმა ლელომ დაუსვა.
ცხრილში მეზობლად მყოფ ‘იუნკერებისა’ და ჭიათურას ‘მათეს’ შეხვედრას „ხვამლი არენამ“ უმასპინძლა. დრამატული მატჩის პირველი ნახევარი ფრედ – 13:13 დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში კიკეთელები კვაჭ ლუკა ღოღობერიძის გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის დასკვნით ნაწილში ‘იუნკერებს’ დაცვაში დაშვებული შეცდომები ძვირად დაუჯდათ. ზემო იმერელთა მხტომელმა ირაკლი წივწივაძემ და მგეზავმა ჯუმბერ ყვავაძემ ‘იუნკერებს’ ხაზი 2-გზის გაუჭრეს. ყვავაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა და თანაგუნდელთა სეზონში მესამე გამარჯვება დააფიქსირა – 27:20.

მარნეულის ‘არმაზმა’ ქუთაისის ‘ბაგრატს’ პირველობის მეორე შეხვედრაც მოუგო და თან ქვემო ქართლელებმა ამჯერზე პრემიალური ქულის აღებაც მოახერხეს. ‘არმაზმა’ საშინაო შეხვედრის პირველ ტაიმში რიონისპირელები მგეზავ ზვიად ოდიშარიას წყვილ გატანილ ჯარიმას დააჯერა, საკუთრივ კი 3 ლელოს დადება და 13-ქულიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხა. მასპინძელთა შუამარბმა ნიკა გოგუამ „დუბლი“ გაიფორმა. მეორე ტაიმში მატჩის სურათი არ შეცვლილა. ქვემო ქართლელთა მხტომელებმა: რობერტ სავოიანმა და გივი მეტრეველმა თანაგუნდელთა მონაგარს კიდევ 2 ლელო წაუმატეს. რიონისპირელებმა კი პრესტიჟის ლელოს დადება (ფრთა ლუკა ბრეგაძე) მატჩის მიწურულსღა მოახერხეს – 31:16.

პირველ ლიგაში წლეულს კიდევ 1 ტური გაიმართება. ‘არწივები’ ქუთაისში ‘ბაგრატს’ ესტუმრება. ტურის გამორჩეული შეხვედრა კი პატარძეულში გაიმართება. ‘ვეფხვებს’ გამოცდის ჩაბარება ლიდერის მდევარ „არმიელებთან“ მოუწევთ. ინტერესმოკლებული არც ვაზისუბანში, ‘არმაზი’-მათეს’ შეხვედრა უნდა გამოდგეს, ისევე როგორც ჭალის დასახლებაში ‘გორი’-იუნკერების’ დაპირისპირება.