პირველი ლიგა | გურულები დაუმარცხებლად ლიდერობენ

პირველი ლიგა | გურულები დაუმარცხებლად ლიდერობენ

პირველი ლიგის მე-8 ტურის შემდეგ ‘არწივებმა’ ლიდერობა განიმტკიცა და მდევარ ‘არმიას’ 4 ქულით გაუსწრო. ‘ვეფხვებმა’ და ‘არმაზმა’ მოწინავე კვარტეტში აინაცვლეს. მესამე ადგილზე მყოფი გარე კახელები „არმიელებს“ 11 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ქვემო ქართლელებს 3 ქულით უსწრებენ. ‘ტაოს’ ბოლო პერიოდისეული წარუმატებელი სერია პლეი ოფის ზონის დატოვებისა და მეხუთე პოზიციაზე დაქვეითების ფასად დაუჯდა.

ცხრილის ქვედა ნაწილში მხოლოდ 1 მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ‘მათემ’ სეზონის დებიუტში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველად მოიგო, ქულებით ‘გორს’ გაუტოლდა და თან ბურთების უკეთესი სხვაობის ქონის გამო, გასავარდნ ზონაში ადგილი შიდა ქართლელებს დაუთმო.

გორში, ჭალის დასახლებაში ‘გორმა’ პირველობის ლიდერ ‘არწივებს’ პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართა და 2 ძალისმიერი ლელოც (მხტომელი დათო ზარნაძე და კვაჭი საბა ციყელაშვილი) დაუდო, თუმცა ფიზიკურად უკეთ მომზადებულმა გურულებმა შესვენების წინ 4-ქულიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხეს. შიდა ქართლელებს აშკარად უჭირდათ სტუმართა ფეხმარდი ფრთის ჯაბულანი მკულვანის შეჩერება, ვინაც შეხვედრა „ჰეთ-თრიკის“ თანხლებით ჩაამთავრა.

‘არწივების’ ფიჯელი მგეზავი მარვინ ფრედერიკსი კი ჩვეული ოსტატობითა და შედეგიანობით გამოირჩა. ფრედერიკსს თანაგუნდელთა დადებული 7 ლელოდან, მხოლოდ 1 გარდასახვა გაუცუდდა. მასპინძელთა მარცხს წერტილი მხტომელ ბექა ბერსენაძის ლელომ დაუსვა – 47:15. გია ამირხანაშვილის შეგირდებმა ჩემპიონატის რვავე შეხვედრა მოიგეს და პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 2 მატჩში ვერ მოახერხეს.

‘იუნკერები’ ლიდერის მდევარ ‘არმიას’ „ხვამლი არენაზე“ დაუხვდა. კიკეთელებმა ფავორიტს არაფერი დაუთმეს და მეორე ნახევრის შუაწელს ფულბეკ არჩილ იაშაღაშვილის გატანილი წყვილი ჯარიმით ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს. მანამდე გიორგი ნოზაძის გუნდში ლელოს დადება შუამარბმა გიორგი ვასაძემ და მარბიელმა არჩილ შენგელიამ შეძლეს. აღნიშნულ პერიოდში „არმიელთა“ მდგომარეობა წითელი ბარათის მიღების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენამაც დაამძიმა.

მატჩის დასკვნით 20 წუთში ‘იუნკერებს’ დაღლა დაეტყოთ, თან კიკეთელებს ტრავმირებული ბურჯის შემცვლელი მარქაფაში არ აღმოაჩნდათ, რამაც მეტოქეებს შორის რიცხობრივი თანაფარდობა აღადგინა. ლევან ობოლაძის ბიჭებმა კარგად მობილიზებული, დაწყობილი ხაზით შეხვედრის შემოტრიალება მოახერხეს. გატანილი ლელოთი თავი ჯერ „არმიელთა“ შუამარბმა გიორგი გელაშვილმა, ბოლო წუთებზე კი ფრთა ნიკა წივწივაძემ გამოიჩინეს – 24:18. ‘იუნკერებმა’ აღებული ნუგეშით, პლეი აუტის ზონაში მე-7 ადგილზე მყოფ ‘ბაგრატს’ 2 ქულით გაუსწრეს.

ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე ‘მათემ’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ უმასპინძლა. მესხებს რთული დროება უდგათ. ‘არმაზთან’ ნული ქულის მინიჭებით გაუქმებული შეხვედრის შემდეგ, მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას ბიჭებმა მიჯრით მესამე მატჩი დათმეს, რამაც ‘ტაო’ მიმდინარე სეზონში მოწინავე კვარტეტს მიღმა პირველად დატოვა. დისკვალიფიცირებულ მორაგბეთა გარდა, მესხებმა ტრავმების გამო გუნდის საკვანძო ბირთვის 6 მოთამაშე მოისაკლისეს (მათ შორის ფიჯელი ლეგიონერებიც), ზემო იმერეთს სულ 18 მორაგბის ამარა ეწვივნენ, რამაც სტუმართა თამაშს სერიოზული დაღი დაასვა.

მატჩის დებიუტში ‘ტაომ’ იძალა. შუამარბ გიგი ჩაბაკაურის დადებული ლელოთი და მგეზავ გიორგი ჯღამაიას ზუსტი გარდასახვით სტუმრებმა დებიუტში 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა გოგა კაკოვინის შეგირდები ხისტად და პრაგმატულად მოქმედებდნენ, მესხების ხშირი ჯარიმებიდან მაქსიმალური ხეირიც ჰპოვეს და შესვენების წინ ‘ტაოს’ ანგარიშში 7-ქულიანი დეფიციტი იქით შეუქმნეს. ‘მათეს’ მგეზავ ჯუმბერ ყვავაძის მიჯრით გატანილ 3 ჯარიმას, მასპინძელთა ფრთა ფრიდონ კილაძემ დადებული ლელოც დაურთო. მეორე ნახევარში ‘ტაომ’ თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა, ყვავაძემ კი მეორე ნახევრის შუაწელს კიდევ ერთი გატანილი ჯარიმით მესხები სამატჩო და საცხრილო ქულების გარეშე დატოვა – 17:7.

მოგებათა იშტაზე მოსულ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ გარე კახეთში ქუთაისის ‘ბაგრატმა’ ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. კვაჭ გიორგი გოგუაძისა და ფრთა ტარიელ ბურთიკაშვილის დადებულ ლელოებს, რიონისპირელთა მგეზავმა ზვიად ოდიშარიამ წყვილი გატანილი ჯარიმა დაუპირისპირა. ოდიშარიამ მეორე ტაიმშიც 3 ჯარიმა გამოიყენა, თუმცა გაგა გურეშიძის ბიჭებმა მასპინძელთა „ჩაბეტონებული“ დაცვის გარღვევა და ლელოს დადება ვერ მოახერხეს. ზვიად ცუხიშვილის შეგირდთაგან კი გატანილი ლელოებით შოთა შალვაშვილი, შუამარბი დევი დევსურაშვილი და „დუბლის“ შემსრულებელი გიორგი გოგუაძე გამოირჩნენ – 34:15.

‘ბორჯომმა’ საშინაო შეხვედრა მარნეულის ‘არმაზთან’ მეტოქის არენაზე, ვაზისუბანში ჩაატარა და ნომინალური მასპინძლის როლში მყოფი აუტსაიდერი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს პირველ ტაიმში ბურჯ ზურა აფციაურის გატანილი ეული ლელოს წყალობით გადაურჩა. ქვემო ქართლელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და თორელებს მთლიანობაში 12 ლელო დაუდეს. ‘არმაზის’ შუამარბმა ოთარ მეტრეველმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. გამოცდილმა მგეზავმა ბახვა კობახიძემ 10 ცდიდან, 9 გარდასახვა გამოიყენა. მატჩის საბოლოო ანგარიში მეტრეველის ნაცვლად თამაშში ჩართულ შუამარბ საბა თეიმურაზიშვილის ლელომ დააფიქსირა – 78:10.