პირველად ჩემპიონთა თასზე – ნიკა ამაშუკელი და ქართული სამსაჯო ბრიგადა!

ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი პირველი ქართველი მსაჯები (ასევე ტიერ2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელი) არიან, რომლებიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმუშავებენ.

ტურნირი 1995 წელს, „ჰეინეკენის თასის“ სახელით დაარსდა და მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის წამყვანი კლუბები მონაწილეობენ. 2014 წლიდან მას ჩემპიონთა თასი ეწოდება და აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მისი ეგიდით ჩატარებული მატჩი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელს ემსაჯოს.

12 დეკემბერს, 2021-22 წლების გათამაშების პირველ ტურში, ფრანგული ‘კასტრი’ „სტად პიერ ფაბრეზე“ ინგლისურ ‘ჰარლექუინსს’ ეთამაშება და მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება. მას კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

„სასიამოვნოა, რომ ქართულ სამსაჯო ბრიგადას ასეთი რთული და პრინციპული მატჩის განსჯა გვანდეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ტურის ყველაზე რთული შეხვედრა. გარდა იმისა, რომ ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულია, ‘ჰარლექუინსი’ ინგლისის მოქმედი ჩემპიონია, ‘კასტრი’ კი განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე წაგებას არავისთან კადრულობს. ასეთ მტკივნეულ ჯახებზე მსაჯებს მაშინ ნიშნავენ, როდესაც აინტერესებთ როგორ იმოქმედებენ ისინი მაღალი წნეხის პირობებში. ეს მსოფლიო რაგბის მხრიდან ერთგვარი აღიარებაა და იძლევა იმის წინაპირობას, რომ მომავალში უფრო მაღალი დონის დანიშვნები იქნება“ – ამბობს ამაშუკელი.

27 წლის რეფერიმ მაღალი დონის გამოცდები ნოემბერში უკვე ჩააბარა, როდესაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ტიერ1-ის სარაგბო ქვეყნების ნაკრებების შეხვედრა იმსაჯა.

„ნოემბრის დანიშვნები მთელი ჩემი შრომის, თავდადების დაფასება იყო. ვმონაწილეობდი უმაღლესი დონის რაგბში საოცარ არენებზე. სასიამოვნო იყო ის მხარდაჭერა, რასაც ქართველი ხალხისგან დიდი დოზით ვგრძნობდი და მადლობა ყველა მათგანს სითბოსა და თანადგომისთვის. ალბათ ყველამ ნახა რამდენად ინტენსიური და დაძაბული შეხვედრები გამოვიდა. შინ სრულიად დაცლილი, გადაღლილი და ამავდროულად, ბედნიერი დავბრუნდი, რადგან რაგბზე შეყვარებული ადამიანი ამაზე მეტ ბედნიერებას უბრალოდ ვერ ინატრებს“ – ემოციებს ვერ იკავებს ამაშუკელი და განვლილ შეხვედრებს იხსენებს:

6 ნოემბერი. დუბლინი. „ავივა სთედიუმი“. ირლანდია – იაპონია

„ასეთი დონის თამაშს პირველად ვმსაჯობდი და ეს ერთგვარი წნეხი იყო, თუმცა დაიწყო თუ არა შეხვედრა, ეს წნეხი მომეხსნა. ირლანდიელთა ახლოდან ყურება დიდი სიამოვნება იყო. ტელევიზორში არ იგრძნობა ის ატმოსფერო, რომელიც „ავივაზე“ სუფევს და ასევე თამაშის ტემპი. მორაგბეები წარმოუდგენელ სისწრაფეში აკეთებენ ყველაფერს. მოედანს მიღმა ირლანდიელები სტუმართმოყვარეები არიან და რაგბით ცხოვრობენ. ყველა, ვინც გაიგებდა რომ მატჩზე რეფერი ვიყავი, ცდილობდა ჩემთვის პატივი ეცა“.

13 ნოემბერი. ლიონი. „სტად მატმუტი“. ფრანგი ბარბაროსები – ტონგა

„ამ თამაშის პარალელურად ირლანდია – ახალი ზელანდია მიდიოდა და მაყურებელმა ალბათ სრულიად სამართლიანად მიანიჭა მას უპირატესობა, თუმცა ფრანგი ბარბაროსებისა და ტონგას შეხვედრაც საინტერესო გამოდგა. პოტენციურად, ის რთულ სამსაჯო თამაშად ითვლებოდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემმა სამსაჯო უნარებმა მორაგბეებს გახსნის საშუალება მისცა და საბოლოოდ თვალსასეირო თამაში გამოვიდა. მას 30 ათასი ფრანგი გულშემატკივარი ესწრებოდა, 87 წუთი გაგრძელდა და ყველამ ძალიან ვისიმოვნეთ“.

20 ნოემბერი. კარდიფი. „პრინციფალითი სთედიუმი“. უელსი – ავსტრალია

„კარდიფში, გადავსებულ „პრინციფალითი სთედიუმზე“ (70 ათასი) გვერდითი მსაჯის რანგში საოცარი თამაში ვიხილე. ეს უნდა ნახო, რადგან სიტყვებით ვერ გადმოსცემ და უნდა ნახო არა მარტო თამაში, არამედ ქალაქი თამაშამდე და მის შემდეგ. ჩემთვის ესაა ნომერ პირველი სარაგბო არენა და ქვეყანა, სადაც რაგბი სისხლში აქვთ გამჯდარი. პირველად ცხოვრებაში გამიჩნდა კითხვა, როგორ უნდა მოახერხო პატარა დეტალებზე კონცენტრირება, როდესაც გარშემო ასეთი ატმოსფეროა. მაგრამ სწორედ ასეთ შეხვედრებში იძენ უდიდეს გამოცდილებას. მაიკ ადამსონმა თამაშს თავი ძალიან კარგად გაართვა. ჩემი მხრიდან რაც მევალებოდა მას 100% დავეხმარე“.

ამაშუკელმა სამივე თამაშის შემდეგ კარგი შეფასება მიიღო და იმედოვნებს, რომ მომავალში კიდევ უფრო მაღალი დონის დანიშვნები იქნება:

„თამაშის ტემპი და მოთამაშეთა აზროვნება იმდენად მაღალია, იმდენად დიდი სარაგბო არსენალი აქვთ მოთამაშეებს, წამითაც თუ მოადუნებ ყურადღებას რაღაც დეტალი აუცილებლად გამოგრჩება და ამან შეიძლება თამაში არიოს. მნიშვნელოვანია მსაჯმა ამ ტემპს ფეხი აუწყოს, სწორედ გადაადგილდეს მოედანზე, ზუსტად იცოდეს როგორ მუშაობს ტელევიზია, ჰქონდეს სწორი კომუნიკაცია და ა.შ. ჩემთვის ყველა ასეთი თამაში კრიტიკული გამოცდილებაა, რომელიც მმატებს თავდაჯერებულობას. სასიამოვნოა, რომ სამივე თამაშში მაღალი შეფასება მივიღე. მსოფლიო რაგბისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. იმედია ჩემი განვითარება გაგრძელდება და დანიშვნას 2023 წლის მსოფლიო თასზეც მივიღებ“.

მსოფლიო თასამდე თითქმის ორი წელი რჩება და მანამდე ნიკა ამაშუკელს არაერთი გამოცდის გავლა მოუწევს. ერთ-ერთი ასეთი გამოცდა 7-კაცას მსოფლიო სერიებია, სადაც ქართველი რეფერი პირველად იმსაჯებს. ნიკას დეკემბერში დუბაისა და სამხრეთ აფრიკის სერიები უნდა ემსაჯა, მაგრამ კოვიდ-პანდემიამ მსოფლიო რაგბის კალენდარი თავდაყირა დააყენა და სამხრეთ აფრიკაში ტურნირი საერთოდ ვერ ჩატარდა.

ამის ნაცვლად ამაშუკელს 7-კაცას მსოფლიო სერიაში დებიუტი 28-30 იანვარს ესპანეთში, სევილიას ეტაპზე ექნება, მაისში კი ტულუზისა და ლონდონის ტურნირებზე ვიხილავთ.

„ჩემთვის და ზოგადად ნებისმიერი მსაჯისთვის, დიდი პატივია წარმოდგენილი იყოს 7-კაცას უმაღლესი დონის ტურნირებზე. მსოფლიოს სერიებზე, რომელსაც უამრავი მაყურებელი ყავს, საქართველოს სამსაჯო კუთხით წარვადგენ და ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევაა. ასევე არის გამოცდილება, როგორ ვერგები სხვადასხვა გარემოებებს და უნდა დავამტკიცო, რომ განსხვავებულ გარემოსთან ადაპტირება შემიძლია“.