ნიკა ამაშუკელი | ეს თამაშები სარაგბო ჭეშმარიტებაა

„შემოდგომის ერთა თასზე“ დებიუტის შემდეგ (შოტლანდია-საფრანგეთზე გვერდით მსაჯად), 2019 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი უკვე კარგად ნაცნობ ჩელენჯ ქაფზე გადაერთო. 26 წლის რეფერის ამ ტურნირზე დებიუტი ორი წლის წინ ჰქონდა  და ერთი თამაში იმსაჯა. შარშან მას ჯგუფური ეტაპის ექვსი შეხვედრიდან ხუთი ანდეს, წელს კი, პირველ ორ ტურში იმსაჯებს.

წინა გამოცდილების შემდეგ, ცუდი ისაა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, თამაშზე სრულად ქართული ბრიგადა ვერ გაემგზავრა და ნიკას კიდეებიდან ბრიტანელები ეხმარებოდნენ.

„ძალიან კარგია, რომ შეზღუდვების მიუხედავად, არაევროკავშირის წევრი ქვეყნის მსაჯმა, მაღალი დონის თამაშებზე დანიშვნა მაინც მივიღე. მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემაში დავრჩე და კიდევ უფრო განვვითარდე. ელიტარული კლუბების თამაშები, ისევე როგორც ნაკრებების, სარაგბო ჭეშმარიტებაა“.

„თავად თამაში იყო ძალიან კარგი. ტემპი მაღალი, რომელსაც ‘ლესთერი’ სულ უფრო წევდა და ‘ბრივიც’ 70 წუთის განმავლობაში მედგრად იდგა, მაგრამ საბოლოოდ ინგლისელების კლასი შედეგზე აისახა. ასეთი თამაშების მსაჯობა ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან 3-5 მეტრიდან აკვირდები მაღალ დონეზე შესრულებულ ყველა დეტალს, იქნება ეს რაქში თამაში, ბოჭვის შესრულება თუ უპირატესობის შექმნა“ – ამბობს ამაშუკელი.

მოედანზე ამაშუკელის გარდა კიდევ სამი ქართველი იყო – ბადრი ალხაზაშვილი, ლუკა ჯაფარიძე და ირაკლი ცხადაძე, თანამემამულეების მატჩის მსაჯობა კი, ნიკასთვის დამატებითი სიამოვნებაა:

„ძალიან სასიამოვნოა როდესაც ასეთი დონის გუნდებში ქართველებს ხვდები. ბადრისთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და ძალიან გამიხარდა. ლუკა ჯაფარიძის და ირაკლი ცხადაძის შეხვედრა აქამდეც მიმსაჯია. გამიხარდა გოდერძი შველიძის ნახვა, რომელიც ძალიან თბილად შემხვდა და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ“.

მაქკიუს დამსახურებით

ამაშუკელს და მთელს სამსაჯო კორპუსს, არასდროს ავიწყდებათ დევიდ მაქკიუს როლი მათ განვითარებაში:

„დიდი მადლობა რაგბის კავშირს და სამსაჯო კორპუსს ამ შანსისთვის, ასევე ჩვენს მასწავლებელ დევიდ მაქკიუს, რომელიც ჩვენთან ერთად დაუღალავად შრომობს. ის მკაცრი და მომთხოვნია, ხშირად მაკრიტიკებს, მაგრამ ეს სწორედ ისაა, რასაც შედეგი მოაქვს. ძალიან ბევრს ვმუშაობთ დეტალების დასახვეწად. მაქკიუ ქართული სამსაჯო კორპუსისთვის დიდი შენაძენია!“.

მაღალი დონის თამაშების სიმრავლეს და თვალშისაცემ პროგრესს ამაშუკელი სწორედ მაქკიუს უკავშირებს და ამბობს, რომ ტონუსში ყოფნისთვის, მსაჯისთვისაც აუცილებელია მაღალი დონის თამაშებში მუშაობის გამოცდილება:

„უკვე ვიცი როგორია მაღალი დონის რაგბი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ დონეზე რეგულარულად მსაჯობდე. სამწუხაროდ, დიდ 10-ში ჩვენს პოტენციალს ვერ ვიყენებთ, არადა, როგორც მოთამაშისთვის, მსაჯისთვისაც მნიშვნელოვანია კვირიდან კვირამდე ვითარდებოდეს. ვცდილობ უნარები მუდმივად განვავითარო და ვმუშაობ პატარა დეტალების გამოსასწორებლად. ‘ლესთერი’-‘ბრივის’ თამაშზე ძალიან კარგი შეფასება მივიღე, მაგრამ იყო პრობლემები კომუნიკაციასთან დაკავშირებით“.

19 დეკემბერს ნიკას კიდევ ერთი გამოცდა ელის. ამჯერად ის ბრიტანულ დაპირისპირებას იმსაჯებს – ინგლისური ‘ვუსთერი’ უელსურ ‘ოსპრეიზს’ მასპინძლობს:

„წინ ბრიტანული დაპირისპირება მელის და სასიამოვნოა მისი ნაწილი რომ ვიქნები. ორივე გუნდი გამართულ, სწრაფ რაგბს თამაშობს. მაქვს ჩემი გეგმა და ვეცდები მის განხორციელებას“.