ნიდერლანდების ქართული დიასპორა მსოფლიო თასისთვის მზად არის

ნიდერლანდების ქართული დიასპორა მსოფლიო თასისთვის მზად არის

„ზოგმა საქართველოს დროშა წამოიღო, რომელიც აქაურ ქართველებს, ყველას გვაქვს სახლში, ზოგმა კეპი, ზოგმაც შარფი ქართული დროშით და საკმაოდ ხმამაღალი გულშემატკივრობაც გამოგვივიდა“ – ამბობს მიხეილ ლობჟანიძე, რომელიც 30 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩისთვის, საკუთარი და მეგობრების კონტაქტებით, სტადიონზე 80-მდე ქართველი შემოიკრიბა.

„ბილეთებზე საქართველოს რაგბის კავშირი დაგვეხმარა და ტრიბუნაზე ერთად ვისხედით. იყვნენ ჩვენი საელჩოდანაც, თუმცა აღმოჩნდა რომ მოპირდაპირე ტრიბუნაზე ქართველების სხვა ჯგუფიც იყო შეკრებილი – 50-მდე კაცი და ნახევრადცარიელ 3-ათას კაციან სტადიონზე საკმაოდ მრავალრიცხოვან ქომაგთა ჯგუფმა მოვიყარეთ თავი. დარწმუნებული ვარ მინდორზე ჩვენს ბიჭებს მუდმივად უმაგრებდა ზურგს ჩვენი შეძახილები“.

მატჩი ქართველებმა დამაჯერებლად 40:8 მოიგეს, თუმცა ჰოლანდიელი გულშემატკივრები უფრო დიდ ანგარიშს ელოდნენ – წინ მსოფლიო თასია, სადაც 6 ერის ნაკრებებიც გამოდიან და შესაბამისად ფიქრობენ, რომ მათ დამარცხებას უფრო მკვეთრი და სწრაფი თამაში სჭირდება. საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატს მსოფლიო თასისთვის სამზადისად განიხილავს.

ჰოლანდიური დიასპორაც მსოფლიო თასისთვის ემზადება. მიხეილ ლობჟანიძე ფიქრობს, რომ კარგი იქნება თავიანთი ფან-კლუბი შექმნან ფეისბუქზე, რომ ერთმანეთთან ოპერატიული კავშირი ჰქონდეთ. იმედი აქვს რომ საქართველოს რაგბის კავშირი კვლავაც აღმოუჩენს დახმარებას ბილეთების შეძენაში ქართველ ჰოლანდიელებს და სექტემბერში საფრანგეთშიც უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებს. მანამდე მიხეილი საკუთარ შვილებს უგულშემატკივრებს, რომლებიც როტერდამში 4 წლიდან ვარჯიშობენ რაგბიში.