
ლევან ჩიქვინიძეს სამძიმარი
საქართველოს რაგბის კავშირი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა 70-ე ბორჯღალოსანი ლევან ჩიქვინიძე.
დაიბადა 1969 წელს. რაგბის თამაში მოწაფეობისას დაიწყო უფროსი ძმის – ლაშას კვალად.
18 წლის შუამარბი განათლების განყოფილების გუნდიდან [ტუნო] დაწინაურდა საბჭოეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “ლოკომოტივში” და პირველსავე მატჩში [1987] ჩინებულად იბურთავა უჩვევ პოზიციაზე – 10 ნომრად.
შემდეგ თამაშობდა თბილისის ასკ-ში [1988-89], დისკვალიფიცირებული “ლოკომოტივის” მემკვიდრე “ელმავალსა” [1990] და “ვესტაში” [1991-92], რუსთავის “აზოტში” [1992-94], ახლად შექმნილ პროფესიულ კლუბ “გუმარში” [1994-96] და ისევ რუსთავში [1997].
ჩიქვინიძე არის საქართველოს სამგზის ჩემპიონი – ვესტა [1992], რუსთავი [1993], გუმარი [1996]; 4-გზის ვერცხლისა და ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; გუმარის შემადგენლობაში მას მოუგია გარდამავალი “სარბიელის სინი”.
ლევანმა 1994-97 წლებში შუამარბად 8-ჯერ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. ჩიქვინიძე 1996 წლის 20 ოქტომბერს მონაწილეობდა რუსეთის იმ პირველ, საარაკო ძლევაში, რომელმაც სასიკეთოდ შემოაბრუნა ქართული რაგბის ბედი. ბორჯღალოსნების გარდა, მას უთამაშია საქართველოს მეორე [1990] და შვიდკაცა [1990, 1996] ნაკრებებში, და მსოფლიო უნივერსიადაზე – დსთ-ის სტუდენტურ ნაკრებშიც [1992].