
დიდი 10 | ხარები 19:11 ლელო-სარასენსი
დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის მეხუთე ტურშე რუსთავის ‘ხარებმა’ პირველი გამარჯვება მოიპოვა. მათ საკუთარ მოედანზე თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ მიიღეს და 19:11 დაამარცხეს.
მართალია მე-6 წუთზე საბა ნიკოლაშვილმა სტუმრები ჯარიმით დააწინაურა, მაგრამ მალევე მასპინძლებმა მოლი ააგორეს და ირაკლი ნატრიაშვილის ლელოთი უპასუხეს, გიორგი პეტრიაშვილმა კი ზუსტ გარდასახვას 27-ე წუთზე ჯარიმა მიაყოლა. ‘ლელოს’ შეეძლო ტაიმის ფრედ დასრულება, თუმცა გიორგი პერტაიას ლელოს შემდეგ, გარდასახვა არაზუსტი იყო.
‘ხარებმა’ უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმით გაზარდა. ‘ლელომ’ ბექა აბულაშვილის ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე 67-ე წუთზე დაიყვანა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში პეტრიაშვილმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და სტუმრებს ბონუსიც არ გაატანა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხარების’ კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი გახდა.
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე