დიდი 10 | ხარები 18:18 ლოკომოტივი

დიდი 10 | ხარები 18:18 ლოკომოტივი

რუსთავში გამართულ დაძაბულ, სანახაობრივ მატჩში ‘ხარებმა’ და თბილისის ‘ლოკომოტივმა’ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს – 18:18.

სატურნირო თვალსაზრისით, „ა“ ჯგუფის მე-6 ტურის გადადებულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვებით ‘ლოკომოტივი’ მეორე ადგილზე აღზევდებოდა, ‘ხარები’ კი მოწინავე სამეულს ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდებოდა და თანაც, ერთი გამოტოვებული თამაში რეზერვში აქვს.

ანგარიში ‘ლოკომოტივმა’ ჯარიმით დებიუტშივე გახსნა, რაზეც ‘ხარებმა’ სალელოვე შეტევით უპასუხა და რაქიდან ლელო ვაჟა ხუციშვილმა გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა თავადვე მიაყოლა. სტუმრებმა ლიდერობა მე-12 წუთზე დაიბრუნეს. შექცეული პასის შემდეგ ხაზი გიორგი შკინინმა გაჭრა და ლელომდე თავად ირბინა, ბექა წიკლაურმა კი გარდასახა – 7:10.

გუნდებმა აღებული ტემპი არ დააგდეს და ხუციშვილმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, თუმცა 23-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ მოლით შეუტია, რასაც ფორვარდების დარტყმა და ფარნა გასვიანის ლელო მოყვა. შესვენებამდე ქულების აღების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც წიკლაურმა ‘ლოკომოტივის’ უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. ხუციშვილმა ორი ცდიდან ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა, 66-ე წუთზე კი მოლი უკვე რუსთაველებმა ააგორეს და ლელო დიმიტრი ცაბაძემ გაიტანა. ხუციშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ჯგუფში პირველი ფრე დაფიქსირდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ ლოკომოტივის’ კვაჭი ირაკლი ქვათაძე გახდა.

6 თებერვალს ჯგუფის კიდევ ერთი, ბოლო გადადებული მატჩი გაიმართება და მასში ‘იუნკერები’ ‘ხარებს’ უმასპინძლებს.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე