დიდი 10 | ბათუმი 45:0 ლოკომოტივი

დიდი 10 | ბათუმი 45:0 ლოკომოტივი

საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მე-4 ტურში თბილისის ‘ლოკომოტივს’ 7 უპასუხო ლელო გაუტანა და დიდი ანგარიშით, 45:0 დაამარცხა.

„ბათუმი არენაზე“ თამაში სტუმართა შეტევებით დაიწყო, მაგრამ ზღვისპირელებმა თავი კარგად დაიცვეს, მე-5 წუთზე ცენტრიდან კონტრშეტევა წამოიწყეს და ლამაზი ოფლოუდის შემდეგ ანგარიში ბექა ურჯუკაშვილმა გახსნა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახა. „რკინიგზელებმა“ იერიშები გააგრძელეს და მეტოქის 22-შიც საკმარისი დრო გაატარეს, მაგრამ შეცდომები დაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.

მასპინძლებმა მალევე იგდეს ხელთ ინიციატივა, მე-15 წუთზე მამუკა ნინიძემ კარის წინ ხაზი გაჭრა, ორ მცველს დაუსხლტა და ოფლოუდით ლელო ზურა ძნელაძეს გაატანინა, თავად კი გარდასახა. 27-ე წუთზე ‘ბათუმმა’ ხელდახელ, ლამაზ სტილში, ოფლოუდებით შეუტია და ლაშა ფოფხაძემ ის ლელოთი დაასრულა. 35-ე წუთზე მათ მოლი დააყენეს, რომელსაც ვაჟა თაგაური მოწყდა და მისი ოფლოუდის შემდეგ მეოთხე ლელო მურმან ჯიჯავაძემ მიითვალა. მამუკა ნინიძე ზუსტი იყო – 26:0.

მეორე ტაიმში’ ბათუმმა იერიშები გააგრძელა, 49-ე წუთზე გიორგი ფრუიძემ ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. მატჩის მიწურულს ნიკა ნინიძეს დრო დადგა. მან ჯერ ფეხით შეაცურა ბურთი და მარჯვენა ალამთან თავად დაამიწა, მერე კი მარცხენა ფრთიდან დაწყებულ კონტრშეტევას მიყვა და დუბლი შეასრულა. რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 45:0.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მამუკა ნინიძე გახდა. ‘ბათუმი’ 9 ქულით მე-6 ადგილზე აღზევდა, ‘ლოკომოტივი’ კი 1 ქულით ბოლო საფეხურზეა.