დიდი 10 | არესი 7:22 ბათუმი

დიდი 10 | არესი 7:22 ბათუმი

ვერცხლის მედალოსანმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის ახალი სეზონის გახსნით მატჩში, ქუთაისში ‘არესს’ ანზორ სიჭინავას სამი ლელოთი 22:7 მოუგო.

შეხვედრა ზღვისპირელების შეტევებით დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა შეძლეს ლელოს დაცვა, მერე თავად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმის შესრულების უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. სტუმრებმა ტემპს უმატეს და აქცენტი ხელდახელ შეტევებზე გააკეთეს, რასაც მე-17 წუთზე ჯაბა ჩეჩელაშვილის სინბინი მოყვა.

კაცნაკლულმა ‘არესმა’ მეტოქის მოლის მოგერიება მოახერხა, თუმცა 21-ე წუთზე ‘ბათუმის’ მორიგ სწრაფ შეტევას ვეღარ გაუმკლავდა, ბურთი მარჯვენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და სიჭინავამ სეზონის პირველი ლელო გაიტანა. მამუკა ნინიძის გარდასახვა არაზუსტი იყო.

‘არესმა’ შეძლო თამაშის გათანაბრება და ხელდახელ შეტევებით მეტოქეს უკვე თავად შეუქმნა პრობლემები. მათ გასატანი პოზიციიდან რამდენჯერმე არ დაარტყეს ჯარიმა კარში, ‘ბათუმმა’ 10-10 წუთით ჯერ ზურა თუთბერიძე, მერე სანდრო ქოიავა დაკარგა და ზურაბ ოდიკაძემ ძალისმიერი ლელოთი წონასწორობაც აღადგინა, ხოლო გიორგი თევდორაძემ ტაიმი მასპინძლებს მოაგებინა – 7:5.

მიუხედავად ამისა, 13-კაციანმა ‘ბათუმმა’ მეორე ტაიმის დასაწყისში მამუკა ნინიძის ჯარიმით ლიდერობა დაიბრუნა, მერე სიჭინავამ ცენტრში გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ნინიძემ კი გარდასახა. ტაიმის შუაში რეზი ჯინჭველაშვილის ფეხით თამაშის შემდეგ, სიჭინავა ბოლო მბოჭავს გაცდა და თავისი და გუნდის მესამე ლელო გაიტანა, ხოლო ნინიძემ ესეც გარდასახა, სტუმრებს 22:7 მოაგებინა.

‘არესმა’ თემურ თუთბერიძის ფეხით თამაშის შემდეგ, საპასუხო ლელო მალევე გაიტანა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ მანამდე წინ თამაში დააფიქსირა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ზღვისპირელებმა სეზონი გამარჯვებით გახსნეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რაღა თქმა უნდა ანზორ სიჭინავა გახდა.

ხვალ რუსთავში, 15 საათზე ‘ხარები’ ‘ყოჩებს’ მასპინძლობს, დიდ დიღომში კი ‘ლელო’ ‘აკადემიას’ 17 საათზე ეთამაშება.

 

ფოტო: გიორგი კილაძე