გია ნიჟარაძე იუბილარია!

გია ნიჟარაძე იუბილარია!

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, დამოუკიდებელი ქართული რაგბის სწრაფი აღმასვლის ერთ-ერთ ფუძემდებელ გია ნიჟარაძეს დღეს 65 წელი შეუსრულდა.

გია ნიჟარაძე რაგბს პირველად მაშინ ეზიარა, როდესაც მისმა ძმამ მერაბ ნიჟარაძემ ‘სპარტაკში’ დაიწყო თამაში. ძმისავე ინიციატივით, მე-10 კლასელმა გიამ 1973 წელს იმავე ‘სპარტაკში’ დაიწყო ვარჯიში და გუნდში 1976 წლამდე დარჩა. მისი პირველი მწვრთნელი და უფროსი მეგობარი იყო და არის ბათუ კევლიშვილი. 1976-1981 წლებში გია ნიჟარაძე ‘დინამოს’ ღირსებას იცავდა, რომელსაც შემდგომში ‘ივერია’ და ‘ელვა’ ეწოდებოდა.

ასპირანტურაში სწავლის გამო რაგბთან დაწყებული განშორება დიდხანს გაგრძელდა. 2005 წელს გია ნიჟარაძე რაგბს დაუბრუნდა. იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ანთაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა კოკა ლაზიშვილმა ის რაგბის კავშირის გამგეობის საქმიანობაში ჩართეს, მოგვიანებით კი ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გია ნიჟარაძემ საკუთარი კანდიდატურა მეგობრების თხოვნით დააყენა და ის პრეზიდენტად აირჩიეს, რის შემდეგაც რაგბის განვითარების ტემპები ყველა მიმართულებით დაჩქარდა.

მაგრამ გია ნიჟარაძეს არასდროს უყვარდა საკუთარი როლის გამორჩევა და დღესაც ამ პოზიციაზეა:

„ცარიელ ადგილზე არაფერი ჩნდება და ჩემამდე იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უზარმაზარი შრომა გაწიეს, რათა რაგბი ჩვენამდე მოსულიყო. დაწყებული გივი მრელაშვილის თაობიდან, დამთავრებული დღევანდელი ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ პრეზიდენტებს, არამედ რაგბში ჩართულ თითოეულ ადამიანს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართული რაგბის წინსვლაში. სხვადასხვა პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეების გათვალიწინებით, ვთვლი რომ ყველა პრეზიდენტმა კარგად გაართვა მოვალეობას თავი“.

და მაინც, 2008 წლიდან ქართული რაგბის განვითარება სხვა მასშტაბებზე გავიდა – გამყარდა ურთიერთობა სახელმწიფოსთან და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, სახელმწიფომ გამოყო თანხა რაგბის განვითარების 4-წლიანი პროგრამისთვის; პარალელურად, რაგბის კავშირი გააქტიურდა კერძო სექტორის მიმართულებით და „ფონდმა ქართუმ“ მრავალმილიონიანი, მოედნების უპრეცედენტო პროექტი წამოიწყო:

„პირველი სტადიონი მერაბ ანთაძისა და კოკა ლაზიშვილის დამსახურებით მოვიპოვეთ. 2007 წელს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტად და მსოფლიო თასზე დელეგაციის ხელმძღვანელად დავინიშნე. სწორედ იქ ვნახე მასშტაბურად რას წარმოადგენდა საერთაშორისო რაგბი და დავინახე ისიც, თუ რა იყო გასაკეთებელი მაღალ დონემდე მისასვლელად. ჯერ კიდევ არჩევნებამდე დავიწყეთ გეგმის შემუშავება, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო ქართული რაგბი და არჩევნების დასრულებისთანავე დავიწყეთ მისი განხორციელება“.

„სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, შემუშავდა რაგბის განვითარების 4-წლიანი გეგმა და სახელმწიფომ რაგბში პირველად ჩადო ფული, რამაც კლუბებს საარსებო მინიმუმი გაუჩინა. 2012წელს ახალი 4-წლიანი პროექტი დამტკიცდა და დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმაჩნია, რომ საქართველოს ტიპის ქვეყანაში სპორტი ვერ იარსებებს სახელმწიფოს დახმარების გარეშე და ეს სწორი ნაბიჯი იყო. პარალელურად, ბატონი გივი ჭიჭინაძის დახმარებითა და ძალისხმევით, შედგა მოლაპარაკება „ფონდ ქართუსთან“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. სწორედ მაშინ ჩაისახა სტადიონების მართლაც რომ უპრეცედენტო პროექტი და ეს არის ფაქტი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რაგბის განვითარებისთვის მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია მსოფლიოში არცერთ ბიზნესმენს არ ჩაუდია (გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, „ფონდი ქართუ“ აფინანსებდა სხვადასხვა სარაგბო პროექტებს)“.

„ამის გამოძახილია, რომ მსოფლიო რაგბმა ბატონი ბიძინა ივანაშვილი ამ პროექტისთვის დააჯილდოვა არა ქართული რაგბის, არამედ მსოფლიო რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე უპრეცედენტო იყო თანამშრომლობა სამ სუბიექტს – სახელმწიფოს, რაგბის კავშირსა და კერძო სექტორს შორის. მსოფლიო რაგბს ეს თანამშრომლობა მაგალითად ქონდა“.

მუშაობა გაჩაღდა ყველა მიმართულებით. კავშირმა მიზნად დაისახა სარაგბო გეოგრაფიის გაზრდა და პირველ ეტაპზე ინვესტიციები იმ რაიონებში ჩაიდო, სადაც რაგბის ტრადიციები არსებობდა. პარალელურად, კლუბებმა მიიღეს დაფინანსება და დაიწყო ზრუნვა შიდა ჩემპიონატისა და კლუბების განვითარებისთვის.

ნიჟარაძეს მიაჩნდა, რომ განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება რაგბში ჩართულ ყველა სპეციალისტს ჭირდებოდა. მსოფლიო რაგბთან თანამშრომლობით, საქართველოში ჩამოვიდა რიჩი დიქსონი, რომელმაც შექმნა განვითარების ჯგუფი და ის გია ჭუმბურიძემ ჩაიბარა. პირველ ეტაპზე შეიქმნა სახელმძღვანელოები და ვიდეორგოლები, დაიწყო მწვრთნელთა გადამზადება და ლიცენზირება.

„ძალიან ბევრი დეტალი იყო, რომელთა ერთობლიობა ქმნიდა საერთო სურათს, ამ ყველაფრის მწვერვალი კი საქართველოს ნაკრები იყო“ – იხსენებს ნიჟარაძე და მართლაც, ბორჯღალოსნები სწორედ იმ პერიოდში იქცნენ რაგბი ევროპის ჩემპიონატის უცვლელ ფავორიტებად.

გარდა წმინდა სპორტული წარმატებისა, იყო კიდევ რაღაც, რასაც გია ნიჟარაძე ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

„ჩემთვის რაგბი ეროვნული პროექტია, რომელიც სხვადასხვა კუთხით დიდ დივიდენდებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ეს არის იდეა, ფასეულობები და ღირებულებები, რომლის გარშემო გაერთიანება შეიძლება, რომელსაც შეუძლია ათასი ჭირგამოვლილი ხალხის გახარება. ასევე ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის საშუალება, რადგან ბრიტანელებისა და ფრანგებისთვის რაგბი კულტურის განუყოფელი ნაწილია. მათთვის რაგბი იმდენად ორგანულია, რომ თუ იქ წარმატებას აღწევ სხვა სფეროებშიც იზრდება თანამშრომლობის პერსპექტივა“.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ, საქართველოს რაგბის კავშირს მსხვილი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის სურვილი გაუჩინა და წარმატებებმა არც ამ კუთხით დააყოვნა. 2011 წელს თბილისში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა „ალაფა“ ჩატარდა; 2013-2015 წლებში მსოფლიო რაგბის თბილისის თასს მასპინძლობდა; მოიპოვა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, რომელიც ორგანიზაციული თვალსაზრისით მანამდე ჩატარებულ ტურნირებს შორის საუკეთესოდ იქნა აღიარებული; ბორჯღალოსნები წლიდან წლამდე იღებდნენ სულ უფრო და უფრო მაღალი დონის ტესტ-მატჩებს და 2013 წელს, არგენტინა გახდა ტიერ1 ქვეყნის პირველი ნაკრები, რომელმაც ის სათამაშოდ მიიწვია, ამის შემდეგ კი, ჩაკეტილი წრე გაიხსნა.

„ეს იყო ქართული რაგბის დაფასება, ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგი, პირველ რიგში მწვრთნელების და მოთამაშეების. იყო რა თქმა უნდა პირადი კონტაქტები, მსოფლიო რაგბთან და სხვადასხვა წამყვან სარაგბო კავშირებთან აქტიური მუშაობა, მაგრამ უწინარესად, ამის მიზეზი იყო ქართული რაგბის თვალსაჩინო წარმატება და უნიკალური პროექტები. ამან გაზარდა ჩვენს მიმართ ნდობა, რასაც საბოლოოდ მოყვა ელიტარულ სარაგბო ოჯახში სრულფასოვან წევრად მიღება და მერე დაიწყო ტურნირების წამოსვლა, რისი გვირგვინიც იყო 20-წლამდელთა ჩემპიონატი“ – ამბობს ნიჟარაძე.

გია ნიჟარაძის პრეზიდენტობისას კავშირის საქმიანობაზე ყველაზე კარგად სპორტული შედეგი მეტყველებს: ბორჯღალოსნებმა სამჯერ მოიპოვეს მსოფლიო თასის საგზური, აქედან ერთი 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯერჯერობით სარეკორდო, ორი მოგებით; 7-ჯერ გახდნენ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები; 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის „ალაფა“ მოიგო და აღზევდა 12-გუნდა ელიტაში, სადაც დღემდე ინარჩუნებს ადგილს; 18-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპული გრანდების თანატოლთა ნაკრებებთან ითამაშა და წარმატებების სერია 2015 წელს ფინალში გასვლით დააგვირგვინა.

ყოფილი პრეზიდენტი ქართულ რაგბზე ზრუნვას ახლაც აგრძელებს. ის მსოფლიო რაგბში საქართველოს წარმომადგენელი და რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტია. ნიჟარაძეს სწამს, რომ ახალი პროექტები ქართულ რაგბს კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანს:

„ძალიან კარგია დღევანდელი რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ბიზნესიდან რომ არის, რადგან დღეს სპორტი კომერციალიზაციამდეა დასული, მხოლოდ სპორტული წარმატებები საკმარისი არ არის და მათ აქვთ ალღო იმისა, რომ ეს პრობლემები გადაჭრან და საქართველო უახლოეს წლებში ვიხილოთ სასურველ ტურნირებში“.

„მათ უკვე წარმოადგინეს საინტერესო პროექტები. მარტო 100 მოედნის პროექტი რად ღირს. მომწონს, რომ საუბარია მარტივ და საშუალო დონის მოედნებზე. სწორედ აქედან დაიწყება ყველაფერი, რადგან მომზადებას კარგი მოედანი ჭირდება და არა ტრიბუნა. მომწონს, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ მუნიციპალიტეტები. მათ ექნებათ მოტივაცია, რომ განვითარდეს რაგბი და ზოგადად სპორტი. ეს საოცარ შედეგს მოგვცემს“.

„პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელების რაოდენობა და ხარისხი. განათლების გარეშე წინ ვერ წავალთ და ეს ყველას კარგად ესმის“.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ სწრაფად დაიწყეს დაგროვილი დავალიანების დაფარვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამით გაქარწყლდა მსოფლიო რაგბის ნერვიულობის საფუძვლები. შეიქმნა ფრენჩაიზი, რომელზეც წლებია ვოცნებობდით და ეს ისტორიული მოვლენაა. რაგბი ევროპის სუპერ თასზე გუნდი დაიხვეწება და მომავალი წლიდან ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალი დონის, სამხრეთ აფრიკის „ქარი ქაფის“ პირველ დივიზიონში ჩაერთვება. ნაკრების მოთამაშეებს ექნებათ შეთამაშების საშუალება და გამოჩნდებიან ახალი ტალანტები“.

„აუცილებლად უნდა ვახსენო არჩევითი გამგეობა, სადაც სხვებთან ერთად მამუკა გორგოძე და დავით კაჭარავა არიან წარმოდგენილი. აგრეთვე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დიდი გამოცდილების მქონე ბორჯღალოსნები სამშობლოში ბრუნდებიან და მშობლიურ კლუბებთან ერთად, ქართულ რაგბს ახმარენ წლების განმავლობაში დაგროვილ უზარმაზარ გამოცდილებას. არ მინდა ვინმე გამომრჩეს და მაგალითისთვის გიორგი ნემსაძისა და გია ლაბაძის დასახელებაც კმარა. ეს ქართულ რაგბს ძალიან წაადგება. რაგბის კავშირს აქვთ სწორი ხედვა როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მიზნის სწრაფად მიღწევაში დაგვეხმარება“.

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად სარაგბო თემი, ულოცავს ბატონ გია ნიჟარაძეს 65 წლის იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას და ქართული რაგბის წარმატებებით გახარებას.