
10-კაცა და ქუჩის რაგბი თელავში
24 ნოემბერს რაგბის კავშირის დელეგაცია თელავს ეწვევა, სადაც ქუჩის რაგბისა და 10-კაცას საჩვენებელი შეხვედრები გაიმართება.
ორივე მიმართულების პოპულარიზაცია „მსოფლიო რაგბის“ ინიციატივაა და საქართველოს რაგბის კავშირი ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული. თბილისის რამდენიმე უბნის შემდეგ, 10-კაცა და ქუჩის რაგბი დედაქალაქის ფარგლებს გასცდა და 9 ნოემბერს თამაშები ზესტაფონში გაიმართა, ახლა კი თელავის ჯერი დადგა.
მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები, მათ შორის ბორჯღალოსნები, თელავს 24 ნოემბერს ეწვევიან და 13 საათზე ერეკლე II-ს ქუჩაზე (ახალ ბაღთან) ქუჩის რაგბს ითამაშებენ, რომელშიც ეტაპობრივად ადგილობრივებიც ჩაერთვებიან, თამაშის დასრულების შემდეგ კი, მათ საჩუქრად ბურთები გადაეცემათ.
ამის შემდეგ სტუმრები კავკასიონის ქუჩა 51-ში მდებარე „კავკასიონი არენაზე“ გადაინაცვლებენ, სადაც 15:30 საათზე 10-კაცას საჩვენებელი თამაში დაიწყება და მასში თელავისა და პატარძეულის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.